Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი მუზეუმის ადმინისტრაციას 8 მოთხოვნას უყენებს


საპროტესტო აქცია ეროვნულ მუზეუმთან. 3 ივნისი, 2022 წელი
საპროტესტო აქცია ეროვნულ მუზეუმთან. 3 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრები ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციასთან კოლექტიურ მოლაპარაკებებს იწყებენ და 8 მოთხოვნას აყენებენ.

პროფესიული კავშირის მოთხოვნები ასეთია:

  • მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, კოლექციების დაცვა-აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად;
  • გამოფენებისა და საგამოფენო სივრცეებში ცვლილებების შეტანის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, გამოფენის კონცეფციის ავტორებთან, კურატორებთან, დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტთან, რესტავრატორებთან და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან;
  • მუზეუმის ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზარდოს 100 % -ით;
  • პროფესიულ კავშირთან გაფორმდეს შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
  • დასაქმებულებს მიეწოდოთ რეორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია;
  • მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი აღდგეს პირვანდელ ან ტოლფას პოზიციებზე;
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს დაკომპლექტების წესი მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან;
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა მიერ სამეცნიერო პროექტების და საქმიანობის მართვის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, ფინანსური სამსახურის, კოლექციების დაცვა-აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად. წესი უნდა ეფუძნებოდეს კვლევის თავისუფლებისა და კვლევით საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებს.

ეროვნული მუზეუმიდან 21 მაისს გათავისუფლებულმა მეცნიერებმა ეს მოთხოვნები 3 ივნისს, მუზეუმის წინ გამართულ აქციაზეც გააჟღერეს. მათ 8 ივნისს ასევე წერილით მიმართეს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილს პროფკავშირების წევრები კულტურის დესტრუქციული პოლიტიკის შეჩერებას სთხოვენ.

პარალელურად პროფკავშირი ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულთა უფლებების დაცვას სასამართლოს გზითაც გეგმავს. პროფკავშირი 2022 წლის მაისის თვეში შეიქმნა და მალევე, რეორგანიზაციის ფარგლებში, მუზუმის ათობით თანამშრომელი დაითხოვეს დაკავებული თანამდებობიდან. მათი განთავისუფლების ბრძანებებს ხელს ნიკა ახალბედაშვილი აწერს, გენერალური დირექტორის მოადგილე. გათავისუფლების მიზეზად თითქმის ყველა ბრძანებაში დასაქმებულის არასაკმარისი კომპეტენციაა მითითებული.

ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის დაწყებას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში და ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში, რომლებიც მინისტრის ბრძანებით ეროვნულ მუზეუმს გამოეყო და სიღნაღის მუზეუმთან ერთად გაერთიანდა მუზეუმთა ახალ ჯგუფში - სამივე ინსტიტუციიდან ათობით თანამშრომელია გათავისუფლებული. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრის დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან განსხვავებული აზრის ან კრიტიკული დამოკიდებულების გამო გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG