Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტულ დონეცკში სიკვდილი მიუსაჯეს უკრაინის მხარეზე მებრძოლ ორ ბრიტანელ მოქალაქესა და ერთ მაროკოელს


შონ პინერი, ეიდენ ალსინი და ბრაგიმ საადინი პროცესზე "დონეცკის უზენაეს სასამართლოში"
შონ პინერი, ეიდენ ალსინი და ბრაგიმ საადინი პროცესზე "დონეცკის უზენაეს სასამართლოში"

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) "უმაღლესმა სასამართლომ" სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ უცხოელ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იღებდნენ მონაწილეობას უკრაინის დაცვისთვის მიმდინარე ბრძოლებში. ამის შესახებ ცნობები რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა "ტასმა" და "ინტერფაქსმა" გაავრცელეს.

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო კოლეგიამ განიხილა სისხლის სამართლის საქმე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების, შონ პინერისა და ეიდენ ალსინისა და მაროკოს სამეფოს მოქალაქის, ბრაგიმ საადინის მიმართ, დაქირავებული მებრძოლობისთვის და ისეთი ქმედებების ჩადენისთვის, რომლებიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და დსრ-ის კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ იყო მიმართული", - მოჰყავს "ინტერფაქსს" სააპელაციო კოლეგიის თავმჯდომარის, ალექსანდრ ნიკულინის, სიტყვები.

მოსამართლის თანახმად, განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, სააპელაციო პალატის მეშვეობით.

"მედიაზონის" ცნობით, სამივე მსჯავრდადებული ომის დაწყებამდე ჩავიდა უკრაინაში. ისინი გაწევრიანდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფეხოსანთა 36-ე ბრიგადაში, რომელიც "აზოვის" პოლკთან, მესაზღვრეების რაზმთან და ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდა ქალაქ მარიუპოლს.

„აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო - ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

უკრაინის მხარე აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. ამას ეწინააღმდეგებიან რუსეთის დუმაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო, პრორუსული ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები უნდა გასამართლდნენ.

XS
SM
MD
LG