ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონცეკში 10 ივნისს გრძელდება გააფთრებული ქუჩის ბრძოლები, იბომბება მთელი ოლქის ტერიტორია, მაგრამ ლუგანსკში უკრაინელ ჯარისკაცებს ალყაში მოქცევა არ ემუქრებათ, აცხადებს ლუგანსკის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი.
"მჭიდროდ იბომბება მთელი თავისუფალი ლუგანსკის ოლქი. გრძელდება გააფთრებული ქუჩის ბრძოლები სევეროდონეცკში, მტერს ძალას ვაცლით. დღეს, 10 ივნისს, რუსები კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ, საოლქო ცენტრი უკრაინისაა. "ლისიჩანსკ-ბახმუტის" ტრასა ჩვენია", - დაწერა ჰაიდაიმ ტელეგრამის არხში.
წინა დღით რადიო თავისუფლების დილის ეთერში, სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა თქვა, რომ ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ქალაქის დაახლოებით მესამედს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასის ბედი სევეროდონეცკში წყდება.
"ეს არის ძალიან სასტიკი, ძალიან რთული ბრძოლა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული ბრძოლა მთელი ამ ომის განმავლობაში. დიდწილად პირდაპირ იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი", - განაცხადა 8 ივნისის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ლუგანსკის ქალაქი სევეროდონეცკი რამდენიმე კვირის განმავლობაში საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრშია. იგი რუსეთის იერიშების სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალებმა ქვეყნის სხვა ტერიტორიებიდან უკუაქციეს 24 თებერვლის ინტერვენციის შემდეგ ლამის კიევამდე მისული რუსეთის ჯარები.