Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტოლოგ პოგრებინსკის უკრაინის პროკურატურა სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად მიიჩნევს


პოლიტოლოგი მიხაილ პოგრებინსკი
პოლიტოლოგი მიხაილ პოგრებინსკი

უკრაინის გენერალური პროკურატურა სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად მიიჩნევს პოლიტოლოგსა და პოლიტიკურ კომენტატორს, მიხაილ პოგრებინსკის. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრის დირექტორს უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფო ღალატისთვის პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის, თანამებრძოლად თვლის.

გამოძიების ვერსიით, პოგრებინსკი ეწეოდა "ძირგამომთხრელ საქმიანობას" ქვეყნის წინააღმდეგ, მონაწილეობდა რუსეთის ტელეარხების გადაცემებში და ამზადებდა რუსეთის ხელისუფლებისთვის ანალიტიკურ მასალებს. უკრაინის საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა კომპლექსურ ფსიქო-ლინგვისტურ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობიან.

უფრო ადრე უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ პოგრებინსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა "სახელმწიფო ღალატის" მუხლით. მაგრამ თავად პოლიტოლოგმა ამ ინფორმაციას უწოდა "პროვოკაცია" და განაცხადა, რომ არ აქვს პროცესუალური სტატუსი.

26 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა პოგრებინსკის კიევის ბინა გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კიევის პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, სწავლობდა უკრაინული საზოგადოების განწყობას და მიღებულ ინფორმაციას რუსეთის ხელმძღვანელობას აწვდიდა, უკრაინის მიმართ პოლიტიკის დაგეგმვისა და "რუსული გავლენის გაძლიერების მიზნით". ასევე ვარაუდობენ, რომ პოგრებინსკი დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებთან იყო დაკავშირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG