Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძის მოლოდინია, რომ საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს "ალბანურ ვარიანტს"


გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა კონკრეტულ ვერსიას. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ ეს, სავარაუდოდ, იქნება "ალბანური ვარიანტი".

"უკეთეს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ალბანურ ვარიანტს, როდესაც პირდაპირ სიას დაგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან, რომ ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ გნებავთ, როგორც თქვენ ამტკიცებდით ამდენი წელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნება", - თქვა დეპუტატმა.

გრიგოლ ვაშაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემების შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის შეფასებისას თქვა, რომ ის უმძიმესია.

"ბევრი კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციას არ სჭირდება... საკმარისია ორი თარიღი გავიხსენოთ – 5 ივლისი, როდესაც ფიზიკურად დაამცირეს და გალახეს ჟურნალისტები და 19 აპრილის შეთანხმება, სადაც ევროკავშირმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ასე თუ ისე, ცივილიზებულ კალაპოტში დაბრუნებულიყო. მავანს ეგონა, რომ ევროკავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც ყველამ მივაყენეთ და მის უმაღლეს თანამდებობის პირს", - თქვა მან.

ალბანეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი 2009 წელს გამოთქვა, ნატოში გაწევრიანების შემდეგ. ევროპული საბჭოს განმარტებით, ალბანეთი იმ დროისთვის მზად არ იყო ევროკავშირის წევრობისთვის, თუმცა მიიღო რეკომენდაციები. 2014 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ბრიუსელის სამიტზე ალბანეთი ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა გახდა.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG