Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცი სერბეთს მოუწოდებს სანქციები შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ და კოსოვოსთან შეთანხმებას მიაღწიოს


გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სერბეთში ვიზიტის დროს 10 ივნისს სერბეთს მოუწოდა შეუერთდეს სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.

"შოლცმა სერბეთს ძალიან გადაჭრით, მკაფიოდ და ნათლად სთხოვა შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ანუ მხარი დაუჭიროს შემზღუდავ ზომებს, რომლებიც ევროკავშირმა უკვე შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ" - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ. გერმანიის კანცლერის თქმით, ამგვარი ნაბიჯები ლოგიკური იქნებოდა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და ბლოკში გაწევრიანება სურს.

ვუჩიჩმა პასუხად თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს რუსეთსა და სერბეთს შორის ტრადიციულად არსებული კავშირები.

სერბეთმა უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ოფიციალურად დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა. კერძოდ, ავიაკომპანია Air Serbia კვლავ ახორციელებს რეისებს რუსეთში, მაშინ, როცა ევროპის დანარჩენმა ქვეყნებმა ფრენები აკრძალეს. სანქციები არ შემოუღია არც თურქეთს, რომელიც ოფიციალურად ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა მოლაპარაკება გაყინულ ფაზაშია.

სერბეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში შედარებით ახლო მომავალში გაწევრიანდება. შოლცი ამბობს, რომ მხარს უჭერს ამ მისწრაფებას. ამასთან, შოლცმა ბელგრადს კიდევ ერთი მოთხოვნა წაუყენა - კოსოვოსთან შეთანხმების მიღწევა.

სერბეთი კოსოვოს კვლავ თავის ტერიტორიად მიჩნევს. ვუჩიჩის თქმით, გერმანიის კანცლერი მასთან შეხვედრისას ფაქტობრივად ღიად აცხადებდა, რომ სერბეთმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა.

მანამდე, შოლცთან შეხვედრაზე 10 ივნისს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ თქვა, რომ კოსოვო წლის ბოლომდე გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, მათ შორის კოსოვო ამ მომენტში არ არიან ევროკავშირის წევრები. მათგან ოთხს, სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი აქვთ, ხოლო ბოსნიას და ჰერცეგოვინას და კოსოვოს ეს სტატუსი ჯერ არ აქვთ მინიჭებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG