Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა უკრაინის განაცხადის განსახილველად


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი 11 ივნისს კიევში ჩავიდა, რათა, როგორც სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ. ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, თავად ევროკომისიის ხელმძღვანელი წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია“, - წერს ურზულა ფონ დერ ლაიენი.

მოსალოდნელია, რომ 17 ივნისს კომისია ევროკავშირის წევრებს ურჩევს, უკრაინას მიანიჭონ ბლოკში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იმ პირობით, რომ ქვეყანა პატივს სცემს კანონის უზენაესობას და აქტიურად შეებრძოლება კორუფციას. ამის შესახებ Bloomberg-ის წყაროები იუწყებიან.

გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ბლოკის ყველა, 27 წევრმა ქვეყანამ. თუ პასუხი დადებითი იქნება, უკრაინას მოუწევს მთელი რიგი რეფორმების გატარება, რათა შეასრულოს ევროკავშირის ყველა წესი და სტანდარტი. ამ პროცესს შეიძლება ათ წელზე მეტი დასჭირდეს.

  • ზოგიერთი სახელმწიფო, როგორიცაა ნიდერლანდები, დანია, შვედეთი და პორტუგალია, სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში კავშირის ყველა პრინციპი არ არის დაცული.
  • ამავე დროს, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი, ლიეტუვა და ირლანდია, თვლიან, რომ ომის პირობებში, უკრაინის განაცხადის მხარდაჭერა ქვეყნისთვის კარგი მორალური სტიმული იქნება. თავად ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა "ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება".
  • ევროკავშირის ლიდერები უკრაინის შესახებ კომისიის დასკვნას მომდევნო სამიტზე განიხილავენ, რომელიც 23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. უკრაინის კვალად, განაცხადები ასევე წარადგინეს მოლდოვამ და საქართველომ.


ეს ევროკომისიის ხელმძღვანელის მეორე ვიზიტია კიევში 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მანამდე ურზულა ფონ დერ ლაიენი კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩასაც ეწვია, სადაც რუსეთის ჯარის მხრიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG