Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ ესპანეთს უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემის უფლება არ მისცა


ტანკი Leopard 2A4, რომელიც ფინეთის შეიარაღებაშია

გერმანიამ არ დაუჭირა მხარი ესპანეთის განზრახვას გერმანული წარმოების Leopard 2a4 ტანკების უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემის შესახებ, იტყობინება გერმანული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

თუ ბერლინი მადრიდის გადაწყვეტილებას დასთანხმდებოდა, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს ქვეყნები შედარებით თანამედროვე დასავლური წარმოების ტანკებს გადასცემდნენ უკრაინას.

ესპანეთი გეგმავდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 1990-იან წლებში წარმოებული 40 გერმანული "ლეოპარდის" მოდელის ტანკის გადაცემას. ამასთან, მიღებული საერთაშორისო წესების თანახმად, ესპანეთს წინასწარ უნდა მოეხდინა თავისი გადაწყვეტილების კოორდინაცია ტანკის მწარმოებელ ქვეყანასთან. გერმანული გამოცემა Business Insider-ის ინფორმაციით, ესპანეთის ხელისუფლებამ გერმანიას ბოდიში მოუხადა ასეთი გეგმებისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეშფოთებისთვის.

მანამდე ესპანეთმა, ისევე როგორც ნატოს ქვეყნების უმეტესობამ, უკრაინას მხოლოდ მსუბუქი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა მიაწოდა. ესპანეთის კუთვნილი "ლეოპარდის" მოდელის ტანკების შეკეთება ლატვიაში, ნატოს ბაზაზე იგეგმებოდა, სადაც უკვე იყო დისლოცირებული 500-მდე ესპანელი სამხედრო მოსამსახურე და სადაც უკრაინელი ტანკისტების მომზადებაც იგეგმებოდა.

მსოფლიო მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ ოფიციალური განცხადებების არარსებობის მიუხედავად, ნატოს ქვეყნებს ერთმანეთში აქვთ უსიტყვო შეთანხმება, რომ არ მიაწოდონ უკრაინას დასავლური წარმოების მძიმე შეტევითი იარაღი და ჯავშანტექნიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG