Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ჩორტკოვზე


რაკეტა "კალიბრის" სტარტი შავი ზღვიდან
რაკეტა "კალიბრის" სტარტი შავი ზღვიდან

22 ადამიანი დაშავდა დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის რეგიონში, ქალაქ ჩორტკოვში კვირას ღამით რუსული ჯარების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად. დაშავებულთა შორის ცამეტი კაცი, შვიდი ქალი და ერთი თორმეტი წლის გოგონაა. ასეთ მონაცემებს ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს, რომლის თანახმად, ერთ-ერთი რაკეტა გაზსადენს მოხვდა. ამის შემდეგ ქალაქს გაზის მიწოდება შეუწყდა.

ტერნოპოლის რეგიონის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ბოგომოლი მიიჩნევს, რომ სარაკეტო დარტყმის მთავარი სამიზნე იყო სამხედრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ჩორტკოვის თემში. მისივე თქმით, სამხედრო ობიექტში არ ინახებოდა არანაირი იარაღი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ტერნოპოლის რეგიონზე თავდასხმა "კალიბრის" რაკეტებით განხორციელდა შავ ზღვაში მდებარე რუსული ფრეგატიდან. რუსეთის სამხედრო სარდლობა ირწმუნება, რომ მათ მოახერხეს დიდი საწყობის განადგურება, რომელშიც ამერიკული და ევროპული იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდა.

ჩორტკოვი სიდიდით მეორე ქალაქია ტერნოპოლის რეგიონში, რომელიც ფრონტის ხაზიდან შორს მდებარეობს და რუსეთის არმიას ამ მიმართულებით იერიში არ განუხორციელებია.

მთავარი საბრძოლო მოქმედებები ახლა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს შეტევის მცდელობას სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, რთულია ვითარება ასევე სევერსკისა და სლავიანსკის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG