ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
"მე გამიკვირდა თურქეთის პოზიცია, მაგრამ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ იმ თემებს, რომლებზეც ის შეშფოთებას გამოხატავს", - განაცხადა მან კვირას ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი პირობები წარუდგინა შვედეთსა და ფინეთს, ნატოში მათი გაწევრიანების მხარდაჭერისთვის.
ერდოანი ითხოვს, რომ ორმა სახელმწიფომ შეწყვიტოს იმ "ტერორისტული" ჯგუფების ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის უშიშროებას.
როგორც ნიინისტომ განაცხადა, "ფინეთს ტერორიზმთან დაკავშირებით უფრო მეტი პრობლემა არ აქვს, ვიდრე ნატოს სხვა ქვეყნებს, რის გამოც ზოგჯერ რთულია თურქეთის აზრის გაგება."
თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ფინეთში ვიზიტით იმყოფება, თურქეთზე საუბრისას დასძინა, რომ "ნებისმიერი შიში უნდა გაიფანტოს."
ნატოს ხანგრძლივი წევრი თურქეთი განსაკუთრებით აკრიტიკებდა შვედეთს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) მიმართ დამოკიდებულებისათვის. პარტიას თურქეთი და მისი დასავლელი მოკავშირეები ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ. კრიტიკულია ერდოანი შვედეთის მიმართ ისლამური სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისადმი მხარდაჭერის გამო. ანკარა მათ აკისრებს პასუხისმგებლობას 2016 წლის გადატრიალების მცდელობისთვის.
ერდოანი მოითხოვს, რომ შვედეთმა და ფინეთმა, როგორც ქვეყნებმა, რომლებმაც ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს, უნდა გაითვალისწინონ მისი შეშფოთება.
ნატოში წევრობას მხარი უნდა დაუჭიროს ალიანსის 30-ვე წევრმა სახელმწიფომ.
დაწერეთ კომენტარი