კვირას ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ჩატარდა ომის საწინააღმდეგო აქციები, რომლებიც ძირითადად რუსი ემიგრანტების მიერ იყო ორგანიზებული და ემთხვეოდა რუსეთის დღეს. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი, ასიდან ხუთასამდე ადამიანის მონაწილეობით, ლონდონში, ვარშავაში, ბერლინში, ჰელსინკიში, პარიზში, პრაღაში, თბილისსა და ვენაში გაიმართა.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ქუჩის მსვლელობაში ერთად მონაწილეობდნენ ემიგრანტები რუსეთიდან, ლტოლვილები უკრაინიდან და ადგილობრივი მცხოვრებლები. ისინი ველინგტონის თაღიდან რუსეთის საელჩოს შენობამდე მივიდნენ და სკანდირებდნენ: "რუსეთს თავისუფლება, მშვიდობა უკრაინას", "პუტინი და ლუკაშენკა ტერორისტები არიან", "რუსებს მშვიდობა უნდათ" და "პუტინი მკვლელია".
ვარშავაში აქციას ორგანიზატორებმა "რუსეთის დღე პუტინიზმის გარეშე" უწოდეს. მარშის მონაწილეებმა მსვლელობა უკრაინის საელჩოდან დაიწყეს და რუსეთის საელჩომდე მივიდნენ.
კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობაზე ჩამოკიდეს ტილო წარწერით - "რუსეთის ბოლო დღე" და მის გარშემო აღმართეს საფლავის ჯვრები.
დაწერეთ კომენტარი