Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International: რუსეთის არმიამ ხარკოვში გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები


ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან გააქვთ სარაკეტო დარტყმის შედეგად საკუთარ ბინაში დაღუპული ქალის ცხედარი. 2022 წლის 13 აპრილი
ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან გააქვთ სარაკეტო დარტყმის შედეგად საკუთარ ბინაში დაღუპული ქალის ცხედარი. 2022 წლის 13 აპრილი

უკრაინის ქალაქ ხარკოვში ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენების და განურჩეველი სარაკეტო იერიშების შედეგად. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის მიერ დღეს, 13 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებების გამოკვლევას და დაღუპულთა ნათესავების, სხვა მოწმეების და ექიმების ჩვენებების ანალიზს.

Amnesty International-ის გამოძიების თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის საცხოვრებელი რაიონების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალები 9N210/9N235 და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ საკუთარ სახლებში, ქუჩაში, ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშო მოედნებზე, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებთან რიგში და სასაფლაოებზე.

Amnesty International-ს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ მხოლოდ 15 აპრილს, ხარკოვის მშვიდობის ქუჩაზე, კასეტური ბომბის გამოყენების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი და დაიჭრა 35, მათ შორის ბავშვები. მათი სხეულიდან ამოღებული მეტალის ნამსხვრევები ადასტურებს, რომ გამოყენებული იყო 9N210/9N235 ტიპის კასეტური საბრძოლო მასალა. ასეთივე ნამსხვრევები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ხარკოვის ერთ-ერთ სათამაშო მოედანზეც.

რუსეთის არმიამ ხარკოვის დაბომბვა უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 24 თებერვალს დაიწყო. ინტენსიური, განუწყვეტელი შეტევა ორ თვეს გაგრძელდა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა 606 და დაიჭრა 1248 მშვიდობიანი მოქალაქე.

Amnesty International-ის განცხადებით, კასეტური საბრძოლო მასალების არაერთხელ გამოყენების შოკისმომგვრელი ფაქტებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რუსეთის მიერ უგულებელყოფილია მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე, ამ სასტიკი თავდასხმების გამო დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, ხოლო დაღუპულთა ოჯახებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ შეუერთდა ე.წ. კასეტური ბომბების და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავ კონვენციებს, მსგავსი საბრძოლო მასალების გამოყენება და განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და ომის დანაშაულად ითვლება.

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენება მარტში დაადასტურა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მაც.

XS
SM
MD
LG