Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი ღარიბაშვილს: თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?


მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი
მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ტვიტერის მეშვეობით შეკითხვას უსვამს. შეკითხვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხება.

"რუსული რაკეტებით სიკვდილის რიგში ნებაყოფლობით არავინ ეწერება, უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევანის გამო, უკრაინა მაღალ საფასურს იხდის თავისი მოქალაქეების დაცვაში. ღირებულებები სარგებელზე მნიშვნელოვანია, თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?" - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველამ კარგად იცის, რომ „მოლდოვას და უკრაინას ვუსწრებთ ათი თავით.“

ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, მოთხოვნა უკრაინამ გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

XS
SM
MD
LG