Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოლიგარქების თვითმფრინავები განაგრძობენ სანქციების გვერდის ავლით ევროპაში ფრენას


რუსი ოლიგარქების თვითმფრინავები განაგრძობენ ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენას სანქციების გვერდის ავლით. მთლიანობაში დაფიქსირდა 30-მდე ასეთი რეისი. ამის შესახებ გერმანიის გამოცემა Welt- იტყობინება.

მარტის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააკავა საინვესტიციო კომპანია Millhouse-ის ხელმძღვანელის, მილიარდერ ევგენი შვიდლერის თვითმფრინავი. შვიდლერი კიდევ ერთი რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის მეგობრად ითვლება. თვითმფრინავის დაკავებამდე მან რვაჯერ შეასრულა რეისები ევროკავშირის ფარგლებში, მათ შორის გერმანიის საჰაერო სივრცეში. შვიდლერის თვითმფრინავმა უკანასკნელად 18 მარტს იფრინა ლონდონიდან ჰამბურგში.

კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის თვითმფრინავი 28 თებერვალს (საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მეორე დღეს) გაფრინდა მიუნხენიდან. იმავე დროს ფლორენციიდან ტაშკენტში გაფრინდა ბიზნესმენის კიდევ ერთი თვითმფრინავი.

თვითმფრინავი, რომელიც სან-მარინოშია რეგისტრირებული და რომელსაც შვეიცარიული კომპანია მართავს, 2 მარტს გაფრინდა ნიციდან სტამბოლში. ის ეკუთვნის რუს ბიზნესმენ ალბერტ ავდოლიანს.

აპრილში ევროპის დატოვება შეძლო კიდევ ერთმა თვითმფრინავმა, რომელიც ლუქსემბურგშია რეგისტრირებული და ოლიგარქ ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის. თვითმფრინავი ბაზელიდან გაფრინდა, გადალახა ევროკავშირის საჰაერო სივრცე და დაჯდა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში.

გარდა ამისა, მილიარდერ ალექსანდრ ზანადვოროვის ვერტმფრენი შეუფერხებლად დაფრინავს საფრანგეთის ტერიტორიაზე. სანქციების შემოღების შემდეგ დაფიქსირებულია მინიმუმ რვა რეისი.

ასეთი ფრენები შესაძლებელია იმის გამო, რომ ისინი რეგისტრირებულია რუსეთის ფარგლებს გარეთ და ეკუთვნის უცხოურ კომპანიებს. ოლიგარქების თვითმფრინავების თვალთვალი რთულია საკუთრების გაუმჭვირვალი სტრუქტურების, ყალბი კომპანიებისა და ოფშორების გამო.

რუსეთის თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა შევიდა ერთ-ერთ პაკეტში სანქციებისა, რომლების დაწესებაც დაიწყო ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსეთის ზოგიერთი ბიზნესმენის წინააღმდეგ ევროკავშირმა და აშშ-მა ასევე შემოიღეს სანქციები, მათი აქტივები დაიბლოკა, იახტები და თვითმფრინავები დააკავეს, თავად მათ კი ეკრძალებათ ევროპის ქვეყნებში შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG