Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აღმოსავლეთის ფრანგზე ძალების გაძლიერებაზე მსჯელობენ


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 ივნისს ბრიუსელში შეიკრიბნენ და განიხილავენ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან ძალების და შეკავების საშუალებების გაძლიერების გზებს, რათა რუსეთმა უარი თქვას აგრესიულ გეგმებზე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნატოელი მოკავშირეები იძულებული არიან, გადახედონ სტრატეგიას და დათანხმდნენ იმას, რომ ნატოს ძალები უფრო დიდი რაოდენობით უნდა განთავსდნენ ამ ფლანგზე. მათ იქ უკვე გაზარდეს ძალთა რაოდენობა, ასევე მატერიალური საშუალებები და ახლა ძალების ხანგრძლივი განთავსების უზრუნველყოფას აპირებენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატომ გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთის ფლანგზე მისი მეთაურობის ქვეშ მყოფი 40 ათასი სამხედრო განათავსა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ შორეულ პერსპექტივაში მათი რეგიონში ყოფნის მასშტაბების შესახებ, რათა „იყოს იმის გარანტია, რომ დავიცავთ ჩვენი სამოკავშირეო ტერიტორიის ყოველ გოჯს“.

მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში იმართება ნატოს სამიტის წინ, რომელიც მადრიდში 29-30 ივნისისთვისაა დაგეგმილი..

სამიტზე უნდა განისაზღვროს ალიანსის სამომავლო კურსი.

გერმანიამ უკვე გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში გაზრდის ძალებს. საფრანგეთი გეგმავს რუმინეთში წლის ბოლოსთვის განათავსოს ათასი სამხედრო და Leclerc-ის სისტემის ტანკები.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა გამოაცხადა, რომ ნატომ ბალტიის ქვეყნებში უნდა განალაგოს უფრო მსხვილი შეიარაღებული ძალები.

სტოლტენბერგის თქმით, ბრიუსელში განიხილავენ ასევე თავდაცვის ხარჯების ზრდის თემას და ალიანსში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხს. ალიანსის წევრი თურქეთი ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღების წინააღმდეგია და მათგან მოითხოვს, უარი თქვან ქურთთა შეიარაღებულ ძალების მხარდაჭერაზე (როგორც ანკარა მიიჩნევს). სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების სახით უკრაინას გამოუყოს მილიარდი დოლარი. ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებით, ალიანსი და მოკავშირეები „მზად არიან არსებითი, უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიონ“ ამ ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG