Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი კიევში: უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი


მაკრონი და ზელენსკი ცენტრში, გერმანიის კანცლერის, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის გარემოცვაში

ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც კიევში ხუთშაბათს, 16 ივნისს იმყოფებოდნენ, მხარი დაუჭირეს იდეას, დაუყოვნებლივ მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის გარდა, კიევში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.

"ოთხივე ჩვენგანი მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის უშუალო სტატუსს", - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, საფრანგეთი გაზრდის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ იტალიას უკრაინის ევროკავშირის შემადგენლობაში ხილვა სურს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიაზე ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბერლინი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ 800 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, ასევე ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას. იმისათვის, რომ უკრაინას კავშირის სრულფასოვანი წევრობა მიანიჭოს, შოლცის თქმით, იგი "დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს."

შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის პორტებში ომის გამო ბლოკირებული უკრაინული სურსათით მომარაგების საკითხი. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო გზების განაღმვისა და მომარაგებისთვის ორ კვირაზე მეტი არ არის დარჩენილი. ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას საკომუნიკაციო არხი რუსეთის პრეზიდენტთან მარცვლეულის მარაგების საკითხის განსახილველად.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინის არმიისთვის დასავლური იარაღის მიწოდების მნიშვნელობა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთი არ არის სამშვიდობოდ განწყობილი და მხოლოდ ომი სურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG