Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუწევს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოს კანდიდატურას - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 ივნისს

თბილისი, კიევი და კიშინიოვი ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში - რას ველით დღეს

დღეს, 17 ივნისს ევროკომისია გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - მისცემს თუ არა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.

ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც კიევში ხუთშაბათს, 16 ივნისს იმყოფებოდნენ, მხარი დაუჭირეს იდეას, დაუყოვნებლივ მიენიჭოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონის გარდა, კიევში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.

საფრანგეთის პრეზიდენტი მანამდე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრისას თქვა, რომ მოლდოვისთვის შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინის ომის ფონზე გაიხსნა, თუმცა მოლდოვის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე „საკმაოდ ლეგიტიმური“ იყო.

13 ივნისს, ევროკომისიაში პირველი დებატების დასრულების შემდეგ, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყებოდა, რომ, როგორც ჩანს, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსს მიიღებენ გარკვეული პირობებით, საქართველოს მიმართ კი, ჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ გეგმავს 20 ივნისის აქციაზე მისვლას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მივა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც 20 ივნისს გაიმართება პარლამენტის შენობის წინ. თუმცა პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ მიესალმება ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებულ ყველა შეკრებას.

სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება გუშინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა, რომელიც ორი დღით ადრე თავად დააანონსა.

"მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე... სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა..." - თქვა ზურაბიშვილმა, რომელმაც ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რას ნიშნავს მისთვის, როცა პრეზიდენტის მოწოდებით გამართულ აქციაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ, ასე უპასუხა:

"ჩემთვის აქციის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ხალხის ჩამოყვანას და აქტივისტების თავმოყრას. ეს არის თავისუფალი ერის თავისუფალი გამოხატვა. ნელ-ნელა ვისწავლით ამას, დარწმუნებული ვარ..." - განაცხადა პრეზიდენტმა.

20 ივნისის აქციის ორგანიზატორებმა სალომე ზურაბიშვილი პირადად მიიწვიეს აქციაზე. მათ ასევე მოუწოდეს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ შეუერთდნენ ორშაბათს დაგეგმილ შეკრებას.

ვითარება უკრაინაში: უკრაინის დაზვერვამ "ყირიმის ხიდის"დეტალური ტექნიკური დოკუმენტაცია მოიპოვა

უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა მოიპოვეს ქერჩის სრუტეზე გამავალი "ყირიმის ხიდის" მშენებლობის დეტალური ტექნიკური დოკუმენტაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა დმიტრი მარჩენკომ თქვა, რომ სწორედ ამ ხიდით ხდება რუსული ძალების გადმოსროლა უკრაინის მიწაზე.

მარჩენკომ ამ სტრატეგიულ ობიექტს "უკრაინული სამხედრო გეგმის ნომერი პირველი სამიზნე" უწოდა. ეს განცხადება მოსკოვში „ცნობად მიიღეს“.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის კრასნოდარის ტერიტორიასთან დამაკავშირებელი "ყირიმის ხიდის" უსაფრთხოება გარანტირებულია სამხედროების მიერ.

უკრაინაში ომი უკვე 114 დღეა გრძელდება. დონბასში ყოველდღიურად 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ან იჭრება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში 200-დან 500-მდეა. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტისას უკრაინის ვერხოვნა რადაში მმართველი ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

აფსნი დიუტი - აფხაზური მხარე ენგურის ხიდზე Duty Free-ს აშენებს

ენგურის დე ფაქტო საზღვარზე, აფხაზეთის მხარეს Duty Free-ს, ანუ დაბეგვრისგან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მშენებლობა დაიწყო. ჭუბურხინჯში მშენებლობაზე ნებართვა 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა.

„როგორც კი საპასპორტო კონტროლს გაივლი [ენგურის ხიდზე - რ.თ], იქვე შენდება მარჯვენა მხარეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები ანონიმურად და აზუსტებს, რომ მაღაზია დე ფაქტო საზღვრის შუა ნაწილში მოექცევა.

DUTY FREE არის მაღაზია საბაჟო კონტროლის ზონაში, მათ შორის აეროპორტებში, სადაც პირს, რომელიც საბაჟო ტერიტორიას ტოვებს, შეუძლია პროდუქტები სხვადასხვა ტიპის, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე შეიძინოს. "აფსნი დიუტიში" ვაჭრობას კი ისინი შეძლებენ, ვინც აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზეთის მხრიდან ტოვებს.

წაიკითხე მეტი.

აგებს თუ არა უკრაინა ომს? გააჩნია, საიდან შევხედავთ სიტუაციას

რუსული არტილერიისა და სარაკეტო ცეცხლის წყალობით, რაც რუსული ტაქტიკისა და სარდლობის ცვლილების ფონზე ხდება, ომის სასწორი უკრაინის საწინააღმდეგო მხარეს იხრება. კიევი აცხადებს, რომ სიტუაციის შემობრუნების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მეტი იარაღის უფრო სწრაფად მიწოდებაა.

„ჩვენ გვესაჭიროება სწრაფი დახმარება, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, – რადგან ყოველგვარი შეფერხების საფასურს უკრაინული სისხლით ვიხდით“.

ქალაქ სევეროდონეცკში მდინარე სევერსკი დონეცკზე ბოლო ხიდები ააფეთქეს, რითაც ასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი მდინარის მარჯვენა სანაპიროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

ამ ვითარებაში ჩნდება კითხვა, აგებს თუ იგებს უკრაინა რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს. ექსპერტები ამბობენ, რომ პასუხი იმაზეა დამოკიდებული თუ რა იგულისხმება მარცხში. ფაქტია, რომ უკრაინამ რუსეთს არ მისცა სტრატეგიული გამარჯვების მოპოვების საშუალება, თუმცა ახლა მისი ტერიტორიიდან რუსული ჯარების განდევნა რთულ მისიად რჩება.

წაიკითხე მეტი.

„ვეგანიზმი დიეტა კი არა, ცხოვრების წესია“ - თბილისის ცენტრში, ახალგაზრდები ცდილობენ გაზარდონ სხვების მგრძნობელობა სასტიკი ვიდეოების ჩვენებით.

XS
SM
MD
LG