Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე მაკრონის  განცხადებაზე: ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

მოლდოვაში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი, ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის" ეთერში.

მოლდოვაში პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა გამიჯნა უკრაინისა და მოლდოვისგან. მისი აზრით, მოლდოვა და უკრაინა არ უნდა იყვნენ განცალკევებული. საქართველო კი, მაკრონმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ახსენა. „თუ კარგად დააკვირდებით, ისინი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად დღეს არ არიან ანალოგიურ ვითარებაში, როგორც უკრაინა და მოლდოვა", - თქვა მაკრონმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა. დოკუმენტი ასევე მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

XS
SM
MD
LG