აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინაში კიდევ ერთი ამერიკელის გაუჩინარების შესახებ განაცხადა და დაადასტურა ადრინდელი ინფორმაცია აშშ-ის მოქალაქეების, ალექსანდრ დრიუკისა და ენდი ჰიუინის გაუჩინარების თაობაზე, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ როგორც მოხალისეები, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა არ დააკონკრეტა აშშ-ის მესამე დაკარგული მოქალაქის სახელი. ასევე, პრაისის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლებას ჯერ არ აქვს "წონადი მიზეზები" იმის დასაჯერებლად, რომ დრიუკი და ჰიუინი რუსი სამხედროების ტყვეობაში იმყოფებიან.
"რუსეთის ფედერაციასთან ეს საკითხი დღემდე არ განგვიხილავს. [ჩვენ] რუსებისგან არაფერი მოგვისმენია ისეთი, რაც მიუთითებს, რომ ეს ორი ადამიანი პატიმრობაში იმყოფება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება კვლავაც "ყოველმხრივ მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში იმ თანამდევი საფრთხეების გამო, რასაც რუსეთის მიმდინარე აგრესია წარმოშობს".
აშშ-ის არმიის ორი ვეტერანი, ალაბამის მცხოვრებლები, რომლებიც უკრაინაში მოხალისეებად ჩავიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ხარკოვის მახლობლად უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. მათზე არაფერია ცნობილი. ამის შესახებ, Associated Press-ის თანახმად, ალაბამის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს კონგრესში.
საუბარია 39 წლის ალექსანდრე დრიუკსა და 27 წლის ენდი ტაი ნგოკ ჰიუინზე. The Telegraph-ის ინფორმაციით, ამერიკელები რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს და ეს გასულ კვირას ხარკოვის რაიონის სოფელ იზბიცკოეში გამართული ბრძოლების დროს მოხდა. გაზეთი წერს, რომ დრიუკი და ჰიუინი, სავარაუდოდ, არიან პირველი ამერიკელები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ტყვედ ჩაიგდეს.
დაწერეთ კომენტარი