Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მწერლები: განზე ვერ გავდგებით, ჩვენი პროტესტის ხმა 20 ივნისს უნდა გაისმას


ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ერთობლივი განცხადება

ქართველი მწერლები და გამომცემლები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 17 ივნისს გახდა ცნობილი და რომლის თანახმად, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

წალენჯიხაში მიმდინარე ლიტერატურულ ფესტივალზე მყოფი მწერლები აცხადებენ, რომ მწერლობა ასეთ დროს განზე ვერ გადგება - ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე შეასრულოს ევროკომისიის დასკვნაში ჩამოთვლილი ყველა პირობა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, ახლა მთელი პასუხისმგებლობა გადმოდის საქართველოს მოქალაქეებზე, ყველა პროფესიის ადამიანზე. ამ დროს ვერც ლიტერატურა იდგება განზე“, - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მწერლების ერთობა და მათი პროტესტის ხმა 20 ივნისს მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს:

„ჩვენს ყველა მკითხველს, ჩვენს მეგობრებს საქართველოში, საქართველოს პენცენტრის სახელით, მოვუწოდებთ, შემოუერთდით 20 ივნისის აქციას“.

პოეტ პაატა შამუგიას თქმით, მძიმეა, თუ როგორი ისტორიული შანსის მიღმა დარჩა ქვეყანა, მაგრამ იმედი აქვს, რომ დასახელებული პირობები აუცილებლად შესრულდება.

მწერლების აზრით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, სად იქნება ხვალ საქართველო - გახდება ის ევროპის ნაწილი თუ რუსეთის გუბერნიად გადაიქცევა.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კომისიის შეფასების წარდგენისას თქვა, რომ საქართველოსთვის "ევროპის კარი ღიაა და ახლა ჯერი მასზეა".

გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, (ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის - პერსპექტივასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის) მინიჭებაზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერებს. მათი შეხვედრა 23-24 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG