Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირობები და რეალობა


საქართველოსგან განსხვავებით, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება ფორმალურად გზას უხსნის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისკენ მოლდოვასა და უკრაინას. 17 ივნისის გადაწყვეტილებას ორივე ქვეყანაში უწოდეს „დიდ ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი დაახლოებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“.

მაგრამ, როგორც კიევსა და კიშინიოვში აცხადებენ, პოზიტიური მოტივაციის გარდა, ევროკომიის გადაწყვეტილება სერიოზული გამოწვევაცაა ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, რომლებსაც კანდიდატობის პროცესში ევროკომისიის ყველა პირობის შესრულება მოუწევთ.

ორივე ქვეყნის შემთხვევაში უმთავრეს პირობას სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ომის დროს შეუძლებელია სისტემური რეფორმების განხორციელება

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისაცემად, რადგან გვესმის, რომ ქვეყანაში გატარდება რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები“, - განაცხადა 17 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კერძოდ, ევროკავშირი უკრაინისგან მოელის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას - სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მძლავრი ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

„ეს მოთხოვნები ძირითადად ეხება სასამართლო სისტემის მოდერნიზებას. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა უკრაინაში ყველაზე მტკივნეული ადგილია, რომელშიც ყველაზე მეტი პრობლემაა დაგროვილი. ამიტომ მთელი რიგი პუნქტები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოდერნიზებას, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად აღარ არსებობს, სასამართლო თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოს, მოსამართლეთა უმაღლეს საკვალიფიკაციო კომისიას და მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს პირობები უკრაინის შემთხვევაში დიდი ანგარიშით არ არის ტექნიკური ხასიათის. ლაპარაკია პოლიტიკურ რეფორმებზე. ანუ ჩვენ გამოგვიყვეს 7 პუნქტი, რომელთა საფუძველს ის რეფორმები წარმოადგენს, რომელთა განხორციელებაც ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა და რომლებიც წინააღმდეგობას აწყდებოდა ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული პირებისა თუ ოლიგარქების მხრიდან. ევროკავშირი ცდილობდა, რომ რბილი ძალის გამოყენებით უზრუნველეყო მათი განხორციელება, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ახლა ეს რეფორმები შეიტანეს ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების პირობათა შორის, რაც, ჩემი აზრით, უკრაინისათვის აბსოლუტურად მომგებიანი ვარიანტია. მაგრამ თუ არის ხელისუფლებაში ისეთი ხალხი, ვისაც ეს პირობები ხელს არ აძლევს, რას ვიზამთ - ჩვენ ხომ მათთვის არ ვცხოვრობთ. არამედ ჩვენ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ქვეყანა მოდერნიზებას განიცდიდეს“, - უთხრა სერგეი სიდორენკომ, ინტერნეტგამოცემა „ევროპეისკა პრავდის“ საერთაშორისო მიმომხილველმა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პირველი ნაბიჯი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ავტორიტეტმა დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ 17 ივნისის რეკომენდაციის მიღებაში. მაგრამ კანდიდატობიდან ევროკავშირის წევრობამდე უკრაინას, სიდორენკოს თქმით, საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს და ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს გზა დროში არ გაიწელება.

„ასეთი რწმენა არ არსებობს, იმიტომ რომ, რადგან რეფორმები ადრე უკვე აწყდებოდა წინააღმდეგობას, არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ამჯერად მზად იქნება მის შესასრულებლად. ეს პირველი, და მეორე არის ის, რომ ბევრი პუნქტის განხორციელებისათვის საჭიროა, რომ ომი დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩაწერილი ევროკომისიის პირობებში, მაგრამ რეალურად ეს ასეა: ომის დროს შეუძლებელია სისტემური რეფორმების განხორციელება. ომის დროს პარლამენტიც არ მუშაობს, როგორც საჭიროა, არ ფუნქციონირებენ სამოქალაქო დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებსაც ხელისუფლების კონტროლი ევალებათ. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც კანდიდატობის შემდგომი ნაბიჯია, რეალურად მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ამ ომში გავიმარჯვებთ. ან ყოველ შემთხვევაში იქნება რაღაც შუალედური გამარჯვება და მოიხსნება საომარი მდგომარეობა“, - ამბობს სერგეი სიდორენკო.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.

საკმაოდ რთული და გრძელი გზის დასაწყისი

ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა არც მოლდოვის ხელისუფლებისთვის, რომელიც თანამიმდევრულად ახორციელებს მტკივნეულ რეფორმებს, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და ითვალისწინებს ყველა მის რეკომენდაციასა და შენიშვნებს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ იღებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და მზად არის „თავდაუზოგავი მუშაობისთვის“.

როგორც უკრაინის შემთხვევაში, მოლდოვასაც მართლმსაჯულების განმტკიცებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ძირითადად, პოლიტიკური რეფორმების შემდგომი გაგრძელება მოუწევს.

„იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურთა სამიტი მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, კიშინიოვისთვის ეს იქნება საკმაოდ რთული და გრძელი გზის დასაწყისი. ჩვენ გველის საკმაოდ დიდი სამუშაო და ბევრი რეფორმა. ევროკომისიის დასკვნა შეიცავს საკმაოდ გრძელ სიას იმ საკითხებისა, რომელთა გადაჭრაც მოლდოვის ხელისუფლებას მოუწევს. ეს ეხება რეფორმებს იუსტიციის სფეროში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ასე რომ, ეს არის დიდი მოცულობის, საკმაოდ შრომატევადი და ტექნიკური სამუშაო, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური ნებისყოფის დემონსტრირება და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. მათ შორის განსაკუთრებით - ადმინისტრაციული რეფორმის გატარებას. საუბარია მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების გამსხვილებაზე. ეს არის საკმაოდ რთული თემა, რომელიც არ სარგებლობს ადგილებზე პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით. ამიტომ ეს არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რაც გადაჯაჭვულია მოლდოვისთვის საკმაოდ მძლავრ პოზიტიურ მოტივაციასთან. შესაბამისად, რეალისტურად და თავშეკავებული ოპტიმიზმით, სუნთქვაშეკრული ველი 24 ივნისს“, - უთხრა პოლიტოლოგმა ალესანდრუ ფლენკემ, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რადიო თავისუფლებას.

მოლდოვის პრეზიდენტმა, პროდასავლური კურსის მიმდევარმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ის და მისი ხელისუფლება მიმართავენ დამატებით ძალისხმევას იმისათვის, რათა დაწყებული რეფორმები განავითარონ და მხარდაჭერა მიიღონ.

Strong signal of support for #Moldova & our citizens! @EU_Commission has recommended granting🇲🇩 the 🇪🇺candidate status on the understanding that additional efforts will be taken to advance on reforms already started. We’re committed to working hard &count on @EUCouncil’s support.

— Maia Sandu (@sandumaiamd) June 17, 2022

ორივე ქვეყანაზე საუბრისას ბრიუსელში მიღწევად "დეოლიგარქიზაციას" ახსენებენ.

უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომლის სამიტი 23-24 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG