Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონსტანტინე ჯუსოევის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა თანხმობა მისცა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონსტანტინე ჯუსოევის დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი იუწყება.

დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე, რომელიც პარასკევს გაიმართა, ე.წ. 33-მა დეპუტატმა ფარული კენჭისყრით ჯუსოევის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯუსოევი საქმის პროფესიონალია და უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტების განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„კონსტანტინე ჯუსოევი რესპუბლიკაში ცნობილია, როგორც პროფესიონალი, მისი ხელმძღვანელობით საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენდა მრავალი ობიექტი: უნივერსიტეტის კომპლექსი, ჩრდილოეთის მიკრორაიონი, მთავრობის შენობა და სხვა ობიექტები. მან თავი გამოიჩინა საუკეთესო მხრიდან. როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული კუთხით. იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის ღირსეულ კანდიდატად მიმაჩნია“, - განაცხადა გაგლოევმა. მან ისიც აღნიშნა, რომ დე ფაქტო პარლამენტს ჯერ ყოფილმა პრემიერმა გენადი ბეკოევმა უნდა წარუდგინოს ანგარიში, ე.წ. მთავრობის საქმიანობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცემა განკარგულება ჯუსოევის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

დე ფაქტო პარლამენტს კონსტანტინე ჯუსოევმაც მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესებაზე.

„აგროინდუსტრიულმა კომპლექსმა უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რესპუბლიკის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ასევე აქტიურად ვიმუშავებთ ინვესტორების მოზიდვაზე. მეწარმეობის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ ნდობა მთავრობას და ბიზნესს შორის", - განაცხადა მან. ჯუსოევმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის წინაშე დგას დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების გამოწვევა, ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება, დე ფაქტო რესპუბლიკაში ოსური ენის განვითარება, ბენეფიციარებისთვის მედიკამენტებით უწყვეტი მომარაგება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტი 24 მაისს გადადგა, 8 მაისის არჩევნებში ალან გაგლოევის გამარჯვების გამო. დე ფაქტო მთავრობის წევრები ახალი ე.წ ხელისუფლების ფორმირებამდე მოვალეობას ასრულებდნენ. კონსტანტინე ჯუსოევი 55 წლისაა, ის წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდანაა. ბოლო წლებში ბიზნესსაქმიანობას ეწოდა. იგი სამშენებლო კომპანია „მეგაპოლისის“ გენერალური დირექტორია.

კონსტანტინე ხასანის ძე ჯუსოევი დაიბადა 1967 წლის 23 ნოემბერს. 1989 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცხინვალის ფილიალი „ლითონსაჭრელი დანადგარებისა და ხელსაწყოების ტექნოლოგიის სპეციალობით“. 1993 წლიდან 2011 წლამდე - სამშენებლო კომპანია შპს ”პრილიჩნის“ გენერალური დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე – სამშენებლო კომპანია „მეგაპოლისის“ გენერალური დირექტორია. იგი ხელმძღვანელობდა საბინაო და სამოქალაქო, კომერციული და სოციალური ობიექტების მშენებლობას, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG