Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირები ევროინტეგრაციაზე: თანასწორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის


შშმ პირების ბრიფინგი "ღია საზოგადოების ფონდში"
შშმ პირების ბრიფინგი "ღია საზოგადოების ფონდში"

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებმაც "ღია საზოგადოების ფონდის" ოფისში პრესკონფერენცია გამართეს, აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია მათი უფლებების აღიარებისთვის და თანასწორობის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია. შშმ პირების პოზიცია საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციებზე, ორგანიზაციის "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ხელმძღვანელმა, გიორგი ახმეტელმა გააჟღერა.

"ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დიდი იმედი განვიმსჭვალეთ იმ შესაძლებლობით, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ გამოჩნდა - ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჯერ კიდევ ვართ ჩვენ მსხვერპლი - მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ვეცოდებით.

სულ სხვა მიდგომებს გვთავაზობს ევროპა, კანონის უზენაესობა, თანასწორობა - ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი თემისთვის. ჩვენ ვცოცხლობთ იმედით - ეს პროცესი რომ დაჩქარდა, ჩვენ უფრო მეტი იმედი გაგვიჩნდა, რომ უფრო მალე მოხდებოდა... ახლა დაჩქარება კი არა, შეიძლება უფრო დავშორდეთ ამ პერსპექტივას, რაც შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, რადგან აღმოვჩნდებით ქველმოქმედების და დახმარების იმედად, რაც არ გვინდა.

ერთადერთი სივრცე, სადაც კანონის უზენაესობა, თანასწორობა და განსხვავებული ადამიანების პატივისცემა შესაძლებელია და ვისთან ერთადაც ეს შესაძლებელია, ეს ევროპაა და ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ საკითხზე", - თქვა მან.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG