რუსეთის ჯარები ცეცხლს უშენენ და იერიში მიაქვთ დასახლებულ პუნქტებზე ქალაქ სევეროდონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იტყობინება უკრაინის არმიის გენერალური შტაბი.
როგორც იუწყებიან, დასახლებულ პუნქტ სიროტინოს შტურმი უკრაინელებმა მოიგერიეს, სოფელ მეტიოლკინოში კი რუსეთის სამხედროებმა „ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს, ცდილობენ გამაგრებას“.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზად კადიროვმა შაბათს განაცხადა სოფელ მეტიოლკინოს აღებისა და უკრაინის არმიაში დიდძალი მსხვერპლის შესახებ. მანამდე მან განაცხადა თავად ქალაქ სევეროდონეცკის აღების შესახებ, მაგრამ იქ ბრძოლები გრძელდება.
სევეროდონეცკი და მეზობელი ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის უკანასკნელი დასახლებული პუნქტებია, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს. ის საბრძოლო მოქმედებების ყველაზე დაძაბულ ადგილად რჩება. ქალაქში უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები. საცხოვრებელი შენობების უდიდეს ნაწილს ახლა რუსეთის ჯარები აკონტროლებენ, უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს ქარხანა „აზოტის“ გარშემო.
რუსეთი სევეროდონეცკში დიდ რეზერვებს გზავნის სხვა მიმართულებებიდან, რათა შეეცადოს, ბოლოს და ბოლოს მთლიანად დაიკავოს ქალაქი, განაცხადა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ.
შაბათს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“, რომელსაც რუსეთი უწევს დახმარებას, და რუსეთის მედიასაშუალებების კორესპონდენტები იტყობინებოდნენ დონეცკის დაბომბვის შესახებ. სეპარატისტების თქმით, ქალაქს სხვა იარაღის გარდა ესროლეს მინიმუმ 20 საარტილერიო ჭურვი, რომლებიც უკრაინას ნატოს ქვეყნებმა მიაწოდეს. ამ ცნობას არ ადასტურებენ დამოუკიდებელი წყაროები, უკრაინის მხარეს დონეცკზე იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. სეპარატისტთა ცნობით, დონეცკში დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი, არის დაჭრილები.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, შაბათს რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს გაზის გადამამუშავებელ საწარმოს ხარკოვის ოლქში, გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფოტო კვამლის სვეტით, რომელიც კიდევ ერთი იერიშის შედეგია დნეპროპეტროვსკის ოლქში. ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება იმის შესახებ, თუ რომელი ობიექტი განადგურდა.
დაწერეთ კომენტარი