ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, უარს ამბობს მიიღოს როგორც სამამულო, ისე საერთაშორისო ჯილდოები.
ამ მიზეზით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა რუსეთს უარი უთხრა მიეღო რუსი სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი. ამის შესახებ Tengrinews.kz-ს 18 ივნისს ტოყაევის პრესსამსახურში განუცხადეს.
ყაზახი პოლიტოლოგი იერბოლა იედილოვი ამბობს, რომ ტოყაევმა მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს პატივისთვის და განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილებაა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე არც ყაზახური და არც უცხოური ჯილდოები არ მიიღოს:
„ამავე მიზეზით, ცოტა ხნის წინ, ბიშკეკში ვიზიტისას, პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა მიეღო ყირგიზეთის უმაღლესი ორდენი, პირველი ხარისხის „მანასი“, - წერს იერბოლა იედილოვი.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, 18 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა, განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.
მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას:
„გამოთვალეს, რომ თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად, 500-600-ზე მეტი სახელმწიფო წარმოიქმნება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო ჩვენ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ ვაღიარებთ. ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი“, - ასე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი დისკუსიის მოდერატორის, RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შეკითხვას, თუ როგორ უყურებს ყაზახეთი ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში.
დაწერეთ კომენტარი