Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიაწერა ირანის ტელეარხმა ისრაელის საწინააღმდეგო გამონათქვამი კრიშტიანუ რონალდუს


კრიშტიანუ რონალდუ. 2022 წლის 8 ივნისი.
კრიშტიანუ რონალდუ. 2022 წლის 8 ივნისი.

ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა აჟიოტაჟი გამოიწვია მას შემდეგ, რაც ეთერში გაავრცელა ცრუ განცხადებები ფეხბურთის პორტუგალიელი  ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ვითომდა ანტიისრაელური შეხედულებების შესახებ. შეთხზული სიუჟეტი ეთერში გავიდა ირანსა და მის რეგიონულ მტერს, ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

„ისრაელელი საფეხბურთო გულშემატკივრები ყველაზე საძულველნი არიან. ვერ ვიტან მათ. ჩემს მაისურებს მკვლელებს არ გავუცვლი“.

კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელი ფეხბურთის ვარსკვლავის, ეს სიტყვები მოიყვანა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ რეპორტაჟში, რომელიც 15 ივნისს გადაიცა.

ოღონდ, საქმე ისაა, რომ რონალდუს ეს სიტყვები არ უთქვამს.

სახელმწიფო ტელევიზიამ გამოიყენა 2016 წლის ვიდეოკადრები, რომლებიც რონალდუმ ჩაწერა ლონდონის ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის, "Save The Children". მაგრამ ირანის მაუწყებლის მიერ გაშვებულ დუბლირებულ ვერსიაში რონალდუს გამონათქვამები შეთითხნილი იყო.

ორიგინალში, ინგლისურენოვან ვიდეოჩანაწერში, რონალდუ ყურადღებას მიაპყრობს სირიელი ბავშვების გაჭირვებულ მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში სასტიკი სამოქალაქო ომის დროს.

„სირიელ ბავშვებს მინდა მივმართო“, ამბობს რონალდუ ვიდეოში. „ვიცით, რომ თქვენ ბევრი ტანჯვა გამოიარეთ. მე ძალიან ცნობილი ფეხბურთელი ვარ. თქვენ ხართ ნამდვილი გმირები. იმედი არ დაკარგოთ. მსოფლიო თქვენთან არის. ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ. მე თქვენთან ვარ“.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტაჟში ასევე მოიყვანეს სიტყვები, რომელიც ვითომ რონალდუმ თქვა, და იყენებდნენ ოფიციალურ ტერმინოლოგიას, რომელსაც თეირანი იყენებს ისრაელის მიმართ.

„ერთხელაც რომ ვთქვა, რომ ყუდსის საოკუპაციო რეჟიმი მომწონს, ფიფა [მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო] წლის საუკეთესო მოთამაშედ მაღიარებს“, ნათქვამი იყო ამ დუბლირებულ რეპორტაჟში. „ალ-ყუდსი“ პალესტინის დასახელებაა არაბულად.

სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტაჟში ჩართულია ასევე პასაჟი, რომელშიც, არხის მტკიცებით, უნდა იყოს რონალდუ, რომელიც ვითომ უარს ამბობს ისრაელელ ფეხბურთელებთან მაისურის გაცვლაზე 9 ივნისის მატჩის შემდეგ.

მაგრამ გამოყენებული ვიდეოკადრები 2016 წლისაა. ამასთანავე, ფეხბურთელი იყო არონ გუნარსონი, ისლანდიის გუნდის კაპიტანი.

რეპორტაჟში იხილავდით ასევე რონალდუს სურათს, რომელიც „ფოტოშოპით“ იყო დამუშავებული. რონალდუს ვითომ ხელში უჭირავს პლაკატი წარწერით: „ყველა პალესტინასთან ვართ“. სურათის ორიგინალში რონალდუს ხელში უჭირავს პლაკატი, რომელსაც აწერია „ყველა ლორკასთან ვართ“ და იგულისხმება 2011 წლის მიწისძვრა ესპანეთის ქალაქ ლორკის არეალში, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ალი ხამენეი, ირანის უზენაესი ლიდერი. 2021 წლის 7 მაისი
ალი ხამენეი, ირანის უზენაესი ლიდერი. 2021 წლის 7 მაისი

სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტაჟმა დაცინვა და კრიტიკა გამოიწვია, ირანელები ხელისუფლებას მათ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

„ისინი პრაქტიკულად გვატყუებენ ჩვენივე ფულით“, განაცხადა კარიკატურისტმა, ფაიამ ფურფალამ ინსტაგრამზე, სადაც გამოაქვეყნა სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტაჟი რონალდუს 2016 წლის ვიდეოსთან ერთად სირიელი ბავშვების მხარდასაჭერად.

„ნუთუ ამ სისულელეებით ვაპირებთ ისრაელთან ბრძოლას“, დაწერა ჟურნალისტმა ბეჰრუზ აზიზიმ ტვიტერზე, ისრაელის ირანის მიმართ მტრობასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემა ასევე გააკრიტიკა ზოგიერთმა ირანულმა მედიასაშუალებამ, ხოლო რეფორმისტულმა ყოველდღიურმა გამოცემამ "Shragh" ის დაადანაშაულა „სულელური“ რეპორტაჟის (ეთერში) გაშვებაში, რომელიც „ტყუილებით იყო სავსე“.

ირანის ტელევიზიას მკაცრი ცენზურა აქვს დაწესებული და ხშირად ამზადებს ცილისმწამებლურ რეპორტაჟებს. ასევე რეგულარულად აქვეყნებს დისიდენტებისა და სხვების ჩვენებებს, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, ზეწოლის შედეგად არის მიღებული.

სიუჟეტი ეთერში გავიდა ირანსა და მის რეგიონულ მტერს, ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. თეირანმა ისრაელი დაადანაშაულა ჰასან საიად ხოდაის, ირანის ძლევამოსილი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) - ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფის - პოლკოვნიკის, მკვლელობაში მისი სახლის წინ, 22 მაისს.

ხოდაის სიკვდილი არის ნაწილი ირანში ბოლოდროინდელი ინციდენტების სერიისა, რომელიც მოიცავს მკვლელობებს, საბოტაჟსა და კიბერშეტევებს, რომელთაგან ზოგიერთში თეირანი ისრაელს ადანაშაულებს.

მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ისრაელი დგას სულ მცირე, ხუთი ირანელი ბირთვული მეცნიერის მკვლელობის უკან ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

თეირანმა უარი თქვა ებრაული სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებაზე მაშინ, როცა ღიად უჭერს მხარს პალესტინელებს და, სავარაუდოდ, შეიარაღებულ დაჯგუფებებსაც, რომლებიც ისრაელს ებრძვიან, მათ შორის, „ჰამასს“ ღაზის სექტორში და „ჰეზბოლას“ ლიბანში.

ამ პოლიტიკას კრიტიკა მოჰყვა ირანში, მათ შორის, ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მხრიდან.

„თავი დაანებეთ პალესტინას“, „ჩვენზე იფიქრეთ, არა ღაზას, არა ლიბანს, დაე, ჩემი სიცოცხლე ირანს შეეწიროს“, - იყო იმ ლოზუნგთა შორის, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებზე უკანასკნელ წლებში გაისმოდა.

XS
SM
MD
LG