Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში, აშშ-ის საელჩოსთან ახალი, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი" აქვთ


ფოტო არქივიდან: აშშ-ის დროშა მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს შენობის ფასადზე
ფოტო არქივიდან: აშშ-ის დროშა მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს შენობის ფასადზე

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, აშშ-ის საელჩოს შენობასთან მდებარე „უსახელო ტერიტორიას“ ეწოდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“. სობიანინის დადგენილება დღეს, 22 ივნისს გამოქვეყნდა მოსკოვის მერის ოფიციალურ საიტზე.

ივნისის დასაწყისში, მოსკოვის მერიაში განაცხადეს, რომ პროექტ „აქტიური მოქალაქის“ ფარგლებში გამოკითხული მოსკოველების უმეტესობამ, 44.69%-მა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ აშშ-ის საელჩოსთან მდებარე, „უსახელო ტერიტორიას" ეწოდოს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“.

პრეზიდენტმა პუტინმა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. დამოუკიდებლობა უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა. აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.

რამდენიმე წლის წინ, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედანს უწოდეს მოსკოვში 2015 წელს მოკლული ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი.

XS
SM
MD
LG