ხმაურით დაიწყო პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს ისმენენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების ხმაური გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვის დასაწყისმა, როდესაც მან თქვა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და "გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, ირაკლი ღარიბაშვილს სხდომათა დარბაზიდან „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა.
„წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ... ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი ხატია დეკანოიძის რეპლიკებს.
დარბაზის იძულებით დატოვებით დაემუქრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს, ანი წითლიძესაც, როდესაც ის სხდომათა დარბაზიდან მიკროფონის გარეშე მიმართავდა ირაკლი ღარიბაშვილს, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა სიტყვის გაგრძელება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ შეძლო.
„თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, თქვენ ხართ მოღალატეების პარტია... არა, მოგისმენთ“, - ამ რეპლიკით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ანი წითლიძის შეძახილებს დარბაზიდან.
პროცედურის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ ღარიბაშვილი გამოსვლას 24 ივნისს გეგმავდა.
დაწერეთ კომენტარი