როდესაც პრემიერ-მინისტრი კოლეგას მიმართავს, მოდი და გამოექანეო, არის თუ არა ეს პოლარიზაციის შემცირების მცდელობა? - იკითხა პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
„საქართველოს 100 000 მოქალაქე, და 4 მილიონიც, დღეს პრემიერ-მინისტრისგან ელოდებოდა პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს 6 თვის განმავლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მიიღეს“, - თქვა კორძაიამ.
პოლარიზაციის აღმოფხვრა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს წამოუყენა.
22 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა, სხვებს კი ცინიკური და დამამცირებელი ფრაზებით მიმართა.
თამარ კორძაიას თქმით, ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ის წარუმატებელი პრემიერია, რადგან „მის მიერ არარაობად წოდებულმა ოპოზიციამ აჯობა და ამიტომ ვერ ვიღებთ, თურმე, კანდიდატის სტატუსს. და მან ვერ დაარწმუნა ევროპელები იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა. ძალიან ვრცელი ტექსტი ჰქონდა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაერწმუნებინა, რომ მაგარია და კარგად ასრულებს ივანიშვილის დავალებებს“.
პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინეს, ხმაურის ფონზე წარიმართა.