Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რაც გინდა ის დაუძახე“, ევროკავშირის ქვეყანაში ვერასოდეს გახდება პრემიერი - ნაცვლიშვილი


ანა ნაცვლიშვილი, პარტია " ლელოს" წარმომადგენელი
ანა ნაცვლიშვილი, პარტია " ლელოს" წარმომადგენელი

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში მიმართა, რომ ვინაიდან არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, მასთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს - როგორი იქნება „მინდვრის დედოფლის“ მოსავალი? ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის შიში აქვს იმის გამო, რომ ევროკავშირის სახელმწიფოში მისნაირი ადამიანი ვერასდროს გახდება პრემიერ-მინისტრი.

„დროს გამოვიყენებ ქართველ ხალხს რომ მივმართო, თქვენთვის მომართვას აზრი არ აქვს. რიტორიკულად დავსვამდი ამ კითხვას: არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ე.ი. არაფერი თქვენ არ გეკითხებათ. ერთი კითხვა მრჩება მარტო - მინდვრის დედოფლის მოსავალს როგორი პირი უჩანს ამ ქვეყანაში? სხვა თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ ამ ქვეყანაში. როგორც დაგდეს მაგ სკამზე, ისე გადაგდებენ ცოტა ხანში და ნათელია, რომ ეს ასე მოხდება", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ანა ნაცვლიშვილის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან ზოგს ჰყავს ძალიან კარგი, ზოგს კარგი და ზოგს ცუდი პრემიერი, მაგრამ "დღეს ძალიან აშკარა გახდა ჩემთვის, თქვენ, პერსონალურად რატომ გეშინიათ, პანიკური შიში რატომ გაქვთ, რომ საქართველო, ვაი და, არ გახდეს ევროკავშირის წევრიო. აი, რატომ გეშინიათ, იმიტომ რომ ევროკავშირის სახელმწიფოში, რაც გინდა ის დაუძახე, ვერასდროს ვერ გახდება პრემიერი, ვერასდროს, აი, ამიტომ გვჭირდება ევროკავშირი“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

„რაც გინდათ ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“, - ეს ფრაზა ეკუთვნის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით.

2021 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის ჩვენების ვიდეოფრაგმენტი. „ფორმულის“ თანახმად, ვიდეო 18-19 ნოემბერს იყო გადაღებული და ასახავდა ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან მიმდინარე პროცესის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას. ივანიშვილი ვიდეოს ფრაგმენტში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე ამბობს, რომ მისი მოვალეობა წერილების გაგზავნა და სხვა საორგანიზაციო საქმეები იყო. შეკითხვაზე - „ანუ რაღაც მდივანივით გყავდათ?“ - ივანიშვილს ეღიმება და პასუხობს: „რაც გინდათ ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

დღეს, 22 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გამოსვლას 24 ივნისს გეგმავდა.

XS
SM
MD
LG