უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ურთიერთობების თვისებრივად ახალი ეტაპის დაწყებით ევროკავშირი აცნობიერებს საკუთარ როლს გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებს ეხებოდა.
მეცოლას თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპარლამენტი „არაორაზროვანი“ იყო თავის მოთხოვნაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს.
„ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ დადგა დრო, ევროპის კავშირს თავი მიაჩნდეს არა მხოლოდ ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებული სახელმწიფოების კონგლომერატად, არამედ საკუთარ თავს ხედავდეს ასევე გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც. ამ მომენტისთვის ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ კარი უნდა გავუღოთ ხალხებს, რომლებიც ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევენ,“ თქვა მეცოლამ.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე.
ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.
დაწერეთ კომენტარი