Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილია" 24 ივნისს პარლამენტის წინ აქციას „შინ ევროპისკენ" აანონსებს


20 ივნისი. თბილისი, რუსთაველის გამზირი, აქცია „შინ ევროპისკენ".

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" საზოგადოებას მოუწოდებს 24 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ. აქცია „შინ ევროპისკენ" 24 ივნისი, 20:00 საათზე არის დანიშნული.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი 6 თვის განმავლობაში შესასრულებელი ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.

„სირცხვილია" აღნიშნავს, რომ მას ხელისუფლების დაპირების არ სჯერა და აპირებს „დეოლიგარქიზაციის" მიზნით სამოქმედო გეგმა გამოაცხადოს.

„რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა.

ეს პროცესი 20 ივნისის უპრეცედენტო აქციით დაიწყო, რომელიც ისტორიული გამოდგა - გაიმიჯნა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ნება, რომელიც მსოფლიომ ნათლად იხილა. ამის მიუხედავად, თვითკმაყოფილების საშუალება არ გვაქვს - საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას. სწორედ ამიტომ, 24 ივნისს, ჩვენ გამოვაცხადებთ მოთხოვნებს საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა.

17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG