Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობა მზადაა ყველაფერი გააკეთოს უმოკლეს დროში. კითხვაზე პასუხად, რას აპირებს კონკრეტულად ოლიგარქიზაციის დასასრულებლად, პრემიერი აღნიშნავს, რომ ბრიუსელთან კონსულტაციების შედეგად საქართველო კანონს მიიღებს.

"მე როცა ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ კანონის მიღება. ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, ითქვა ისიც, რომ ეს კანონი არ არის სრულყოფილი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ დეოლიგარქიზაცია ევროკავშირმა მოითხოვა არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლებსაც უკვე მიენიჭათ კანდიდატი ქვეყნების სტატუსი.

საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია და "ბატონი ივანიშვილის როლს თუ ვინმე არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება დასაბუთებული ფაქტები", ვინაიდან "სხვა შემთხვევაში, ეს არის უსაფუძვლო ბრალდება."

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ჰყოლია ოდესმე, ქველმოქმედი, რომელიც ეხმარება 20 წელზე მეტია საკუთარ სამშობლოს. მან უცხო ქვეყნებში მიღებული შემოსავლები და სიმდიდრე თავის სამშობლოს მიუძღვნა და თქვენ ასეულობით მასშტაბური პროექტის მომსწრენი ხართ. მას ქველმოქმედება არ დაუწყია ჩვენს პერიოდში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და მთავარი ქველმოქმედება, რომელიც მან განახორციელა, მე ვიტყოდი, ანტიევროპული ძალის ხელისუფლებიდან მოშორებაა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გამგრძელებელია, თუმცა თავად ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და გავლენა მიმდინარე მოვლენებზე აღარ აქვს. მან ოლიგარქის მაგალითად დაასახელა ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია "ფორმულის" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი.

ამავე განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 10 წლის წინანდელი "9 წლიანი რეჟიმი" და იქვე თქვა, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად პასუხისგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე.

მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭებათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

XS
SM
MD
LG