Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სარაკეტო იერიში კიევზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 ივნისს


უკრაინის საჰაერო ძალები: კიევს რუსეთმა მაღალი სიზუსტის რაკეტები კასპიის რეგიონიდან დაუშინა

პაუზის შემდეგ რუსეთის არმიამ ისევ მიიტანა სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევზე. გუშინ გამთენიისას რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი. კიევზე იერიში ბოლოს თვის დასაწყისში განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსეთმა რაკეტები კასპიის ზღვის რაიონიდან ისროლა. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთმა კიევს თავის შეიარაღებაში არსებული ყველაზე მაღალი სიზუსტისა და ფასის რაკეტები ესროლა.

წაიკითხე მეტი.

"თბილისი პრაიდი" მოითხოვს უსაფრთხოებას "ალტ-ინფოს" მუქარის ფონზე

„თბილისი პრაიდი“ მოითხოვს, რომ მთავრობამ უზრუნველყოს უსაფრთხოება მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისას. მათ წელს ღონისძიებები მხოლოდ დახურულ სივრცეში აქვთ დაგეგმილი და ასევე არ გაიმართება „ღირსების მარში“.

26 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართეს:

„მოვითხოვთ, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს "თბილისი პრაიდის" სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოს საჯარო წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.
ჩვენი მეორე მოთხოვნაა - დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან მთელი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

წელს "თბილისი პრაიდი" 28 ივნისიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება. კონსერვატიული პარტია აცხადებს, რომ დაიწყო მხარდამჭერების მობილიზება 2 ივლისისთვის და ფულსაც აგროვებს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის წინააღმდეგ.

წაიკითხე მეტი.

დიდი შვიდეულის სამიტს ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს

გერმანიაში, ბავარიის ალპებში გუშინ, 26 ივნისს დაიწყო დიდი შვიდეულის სამიტი, რომლის მთავარი თემა უკრაინაში ომი და რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაა.

დღეს იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა. მოსალოდნელია, რომ ის დიდი შვიდეულის ქვეყნებს სთხოვს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენას.

G7-ის სამიტზე გუშინ ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ და აშშ-მ დანარჩენ წევრებს შესთავაზეს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით. ჯერ უცნობია, არის თუ არა ამ საკითხზე შვიდივე ქვეყანა ერთ აზრზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესების საკითხს სიფრთხილე სჭირდება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ლიეტუვის პრეზიდენტი: კალინინგრადის მიმართ შეზღუდვები აუცილებლად განხორციელდება

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოვალეა და გაატარებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის საქონლის მიმართ მოსკოვის მძაფრი რიტორიკის ფონზე, რომელიც ეხებოდა ვილნიუსის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის ოლქის მიმართ.

ნაუსედა გამოვიდა მოწოდებით, „სასწრაფოდ“ გაიმართოს კონსულტაციები ევროპის კომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით უკრაინის „აგრესორის“ წინააღმდეგ სანქციების პირობებში.

ამ კვირაში რუსეთმა ევროკავშირის წარგზავნილი გამოიძახა, რათა „გადაჭრით“ პროტესტი გამოეცხადებინა და გამოეთქვა „საპასუხო ზომებით“ მუქარა იმის გამო, რომ შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა სახმელეთო გზით ტრანსპორტის მოძრაობა პოლონეთსა და ლიეტუვას შორის.

წაიკითხე მეტი.

„ისტორიულ ზონაში ქვას ქვაზე არ დატოვებენ“ - რა საფრთხეს ხედავენ ბათუმის გამო მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიციირებული თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებული ვერსიით მიიღო ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 24 ივნისს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძვლად დასახელებულია ბათუმში, მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟის აუცილებლობა და დეველოპერული კომპანიების მონაწილეობით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით მათი შეცვლა. ამ ეტაპზე საუბარია 118 ავარიულ სახლზე.

განსხვავებით კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან, რომელსაც მოწინააღმდეგეები ჰყავდა როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში, ბათუმის მერი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს და პროცესში ჩართული იქნებიან მერიის სათათბირო ორგანო და საკრებულო. მერი ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების მიზნით, საკრებულოს მიმართავს, თუ პროექტს ექნება სათათბირო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაცია.

მთავრობის მიერ ინიციირებული თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა ცვლილების შეტანას კანონშიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ავარიული სახლის რომელიმე მცხოვრები არ დათანხმდებოდა კორპუსის დანგრევას, საკუთრებას კანონის ძალით ჩამოართმევდნენ. პარლამენტში გამოთქმული უარყოფითი პოზიციების გამო, მთავრობამ ეს ცვლილება საერთოდ გაიწვია.

ნიშნავს თუ არა თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით გაუმჯობესებული ვარიანტის მიღება იმას, რომ პოტენციური საფრთხეები აღკვეთილია?

წაიკითხე მეტი ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.

ვინაა ოლიგარქი? მინიშნება - ძალიან მდიდარია და მართავს ხელისუფლებას

ევროკომისიამ საქართველოს უთხრა: ევროკავშირის კანდიდატობა თუ გინდათ, შეამცირეთ კერძო გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგზე.

თუ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, ტირანია კი ერთი ადამიანის, ოლიგარქია სიტყვასიტყვით ადამიანების მცირე ჯგუფის მმართველობას ნიშნავს.

ყველაფერს თავისი სახელი ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა. მისი განმარტებით, ოლიგარქია მცირერიცხოვანი ელიტის ძალაუფლება და მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბატონობაა. ძველბერძენი ფილოსოფოსის აზრით, ეს ელიტა კორუმპირებულია, და არ ადარდებს საერთო კეთილდღეობა. მხოლოდ საკუთარი, ვიწრო ინტერესები.

ვინ არიან ოლიგარქები, როგორ უშლიან ხელს დემოკრატიას და რა უნდა მოხდეს, რომ ვეღარ შეუშალონ? გაიგე ამ კითხვებზე პასუხი სანდრო გვინდაძის სტატიიდან.

„ალტ-ინფო“ ფულს აგროვებს „თბილისი პრაიდის” მუსიკალური ფესტივალის წინააღმდეგ. მათი მიმართვა ანტიდასავლური პროპაგანდის მკვლევარსა და ქვიარ აქტივისტს ვაჩვენეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG