მარნეულის იმ კორპუსის მცხოვრებლები, რომლის ორი აივანიც ჩამოინგრა გუშინ, 26 ივნისს, დროებით ადგილობრივ სასტუმროში მოათავსეს. შესაბამის ხარჯებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს.
მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, მათგან ერთ-ერთი ფეხმძიმედ იყო. მომხდარის შედეგად დაშავდა 2 ბავშვი.
ექიმებმა მოახერხეს დაღუპული ორსული ქალის ნაყოფის გადარჩენა. მარნეულში, კლინიკა „ავერსში“, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ახალშობილი ამჟამად თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ექიმების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია ნანგრევებში მოყოლილი, დაშავებული 7 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას „ავერსის“ მარნეულის ფილიალში უთხრეს. კიდევ ერთი დაშავებული, 8 წლის ბავშვი მოტეხილობებით თბილისშია გადაყვანილი.
მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაურ დარგალის თქმით, სიმართლეს არ შეეფერება გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით დაზიანებული შენობის მობინადრეებმა მერიას არაერთხელ მიმართეს. მისივე თქმით, მერია შენობის სახურავის შეცვლას გეგმავდა, რაც ვერ განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა წინააღმდეგობის გამო. მისი სიტყვებით, მათ არ სურდათ სახურავზე დამონტაჟებული წყლის ცისტერნების მოხსნა. ვინაიდან მარნეულში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, ადგილობრივები მას სახურავებზე დამონტაჟებულ ავზებში იმარაგებენ.
კორპუსის მცხოვრებლები, აივნების ჩამონგრევის შემდეგ მედიასთან აღნიშნავდნენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს შენობის ავარიულობის გამო, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
მომხდარს შს სამინისტრო იძიებს. უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (გაუფრთხილებლობა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია).
დაწერეთ კომენტარი