Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გემი სანქცირებული კომპანიის ტვირთით. უკრაინიდან ქართული მხარის მიმართ მორიგი ბრალდებები ისმის


დავით არახამია, უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე (მარცხნივ), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი (მარჯვნივ)
დავით არახამია, უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე (მარცხნივ), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი (მარჯვნივ)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შევიდა გემი, რომლის ტვირთიც სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნის. 27 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კითხვის პასუხად, დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

ამ საკითხზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას, იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ და საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების გვერდის ავლის ან სანქციების დარღვევის, არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება და სურვილი ერთია, რომ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის სურვილი, მათი მოტივაცია შეგიძლიათ გაარკვიოთ, ჰკითხოთ ტვირთმფლობელს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟო თანხმობის გარეშე პორტს რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, იცით, რომ პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიდავიც კერძო სუბიექტია, ანუ კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, საბაჟოს უფლების და თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში“, - უთხრა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთულია რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. „მთავარზე“ დაყრდნობით ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაშიც. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ვებსაიტის ლინკი თავის ტელეგრამის არხზე გააზიარა რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ, შესაბამისი ტექსტით.

„აშშ-ში ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა ჩვენი მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. როდესაც ეს ინფორმაცია აშშ-ისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ, რომ, თითქოს, ეს სიმართლე არაა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ჩემი სიტყვების დამადასტურებელი სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია ჩნდება. მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოდან პროსახელისუფლებო დეპუტატების და მინისტრების უცხოეთში გადარიცხვების და ანგარიშების შესახებ მონაცემები და, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირების შესახებ, რომელიც ღრმადაა ჩართული იმაში, რომ ტერორიზმის სპონსორმა ქვეყანამ სანქციებს აარიდოს თავი. მაგრამ ყველას, ვინც უკრაინელების სიკვდილზე ფულის შოვნა გადაწყვიტა, მინდა იმედი გავუცრუო. ეს არ მოხდება და ბატონი ივანიშვილი პირველი მოემზადოს, მალე გავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არაა“, - წერს არახამია ტელეგრამის არხზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიის კითხვის პასუხად, ლევან დავითაშვილმა დავით არახამიას ბრალდებებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი, უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო უწოდა. მისივე სიტყვებით, მსგავს ბრალდებებს ფაქტები არც აქამდე ამყარებდა.

ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. იგი ამბობს, რომ უცხოურ ბანკებში თავად ანგარიშებს არ ფლობს.

ამასთან, ბათუმის პორტში შესული გემის თაობაზე ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი. მისი თქმით, არც გემი და არც გემის მფლობელი სანქცირებული არ ყოფილან. მისივე განმარტებით, თუ გემი ან გემის მფლობელი არიან სანქცირების პირობებში, უწყება ხომალდს არ აძლევს უფლებას, შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და ნავსადგურებში. მისივე განმარტებით, გემის ტვირთთან დაკავშირებული საკითხები ეხება საქართველოს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ნავსადგურებში შემომავალ ყველა გემთან მიმართ ტარდება ორდონიანი სკრინინგი. პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქცირებასთან მიმართებაში. თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებული, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება. ტვირთის სკრინინგს კი ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ნავსადგურები საქართველოში არის კერძო მმართველობასა და მფლობელობაში, აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვერ ერევა მათ კომერციულ საქმიანობაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს გააჩნია ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება და ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, იმისთვის, რომ საქართველოს წყლებში და ნავსადგურებში უზრუნველვყოთ საზღვაო უშიშროება და საფრთხეების პრევენცია“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

განახლება: 16:42 - საქართველოს ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, გემი და მისი მფლობელი სანქცირებულთა სიაში არ ირიცხებოდნენ. გემზე განთავსებული საქონელი კი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი, ამის გათვალისწინებით გემის მფლობელს ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი უთხრეს. გემი ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი ცდილობს სანქციების გვერდის ავლას საქართველოს მეშვეობით.

პირველ მაისს მათ განაცხადეს, რომ, თითქოს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის მიზნით. მანამდე უკრაინის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს 4 აპრილს უწოდა „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".

2 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი გამოიძახეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG