Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გემი სანქცირებული ტვირთით ბათუმის ნავსადგურს ტოვებს - შემოსავლების სამსახური


ფოტო არქივიდან: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ფოტო არქივიდან: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და მასზე განთავსებულ სანქცირებულ ტვირთთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში არ ირიცხებოდნენ, „შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ“.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს - „შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი“. ამის გათვალისწინებით, გემის მფლობელს ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი უთხრეს.

ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

დღეს, 27 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან კომენტარში დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შევიდა გემი, რომლის ტვირთიც სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა საქართველოს საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. „მთავარზე“ დაყრდნობით ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაშიც. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ვებსაიტის ლინკი თავის ტელეგრამის არხზე გააზიარა რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ, შესაბამისი ტექსტით.

„აშშ-ში ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა ჩვენი მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. როდესაც ეს ინფორმაცია აშშ-ისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ, რომ, თითქოს, ეს სიმართლე არაა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ჩემი სიტყვების დამადასტურებელი სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია ჩნდება. მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოდან პროსახელისუფლებო დეპუტატების და მინისტრების უცხოეთში გადარიცხვების და ანგარიშების შესახებ მონაცემები და, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირების შესახებ, რომელიც ღრმადაა ჩართული იმაში, რომ ტერორიზმის სპონსორმა ქვეყანამ სანქციებს აარიდოს თავი. მაგრამ ყველას, ვინც უკრაინელების სიკვდილზე ფულის შოვნა გადაწყვიტა, მინდა იმედი გავუცრუო. ეს არ მოხდება და ბატონი ივანიშვილი პირველი მოემზადოს, მალე გავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არაა“, - წერს არახამია ტელეგრამის არხზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიის კითხვის პასუხად, ლევან დავითაშვილმა დავით არახამიას ბრალდებებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი, უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო უწოდა. მისივე სიტყვებით, მსგავს ბრალდებებს ფაქტები არც აქამდე ამყარებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG