Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფშავში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ტურისტის ცხედარი იპოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ფოტო არქივიდან: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები
ფოტო არქივიდან: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები

ტურისტის ცხედრის პოვნის შესახებ იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა, გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე მდინარეში გადააგდო, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება.

მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასევე იუწყება, რომ მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტიდან, უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი.

27 ივნისს დილიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო.

არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მეხანძრე მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 170 პირი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვანები უსაფრთხო ადგილას უკვე გადმოიყვანეს. სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG