Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიბღალა დროშა? - ფალავანდიშვილები სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში


9 ივნისს, შუადღეზე, თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან ალექსანდრე ფალავანდიშვილმა დახია ბანერები, რომლებზეც ლგბტ და ევროკავშირის დროშები იყო გამოსახული. 
9 ივნისს, შუადღეზე, თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან ალექსანდრე ფალავანდიშვილმა დახია ბანერები, რომლებზეც ლგბტ და ევროკავშირის დროშები იყო გამოსახული. 

ჰომოფობიური ჯგუფის წევრების, მამა-შვილ ფალავანდიშვილების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ, 28 ივნისს გამოაცხადებს.

შსს მათ ევროკავშირის დროშის დახევისთვის პოლიციელის “კანონიერი” მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. ეს ის მუხლია, რომელსაც შსს საპროტესტო აქციების დროს ხშირად იყენებს და სამოქალაქო აქტივისტებს დაუმორჩილებლობის მიზეზით აკავებს.

9 ივნისს, შუადღეზე, თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან ოცდაათიოდე ადამიანი შეიკრიბა. აქციას ორგანიზაციები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და “ზნეობა” მართავდნენ. მათ ხელში ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ბანერები ეჭირათ.

შეკრებიდან მალევე, გურამ ფალავანდიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ელჩის მისამართით ჰომოფობიური შინაარსის წერილი წაიკითხა. მისმა შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა კი დახია ბანერები, რომლებზეც ლგბტ და ევროკავშირის დროშები იყო გამოსახული.

პოლიციამ ალექსანდრე მალევე დააკავა. მის გარდა ამ საპროტესტო აქციაზე კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის, გურამ ფალავანდიშვილიც დააკავეს.

ამ საქმის განხილვის სასამართლო პროცესი წინა კვირას გაიმართა. სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა ახსნა აქციის მონაწილეების დაკავების გარემოებები: პოლიციელებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ არ შეებღალათ საელჩოსთან სიმბოლოები, თუმცა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირმა მაინც “შებღალეს სიმბოლო”, კერძოდ, დახიეს ბანერზე გამოსახული ევროკავშირის დროშა.

სამინისტროს მტკიცებით, სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დააკავეს აქციის მონაწილეები. ალექსანდრე ფალავანდიშვილსა და კიდევ ორ პირს პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლია. გურამ ფალავანდიშვილს კი - დაუმორჩილებლობასთან ერთად ხულიგნობასაც.

თუ კანონით აკრძალული არაა, ვის აქვს უფლება, მიუთითოს?

სასამართლო სხდომაზე, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა მოსამართლის კითხვას, რა მიზანი ჰქონდა აქციას, პირდაპირ უპასუხა, რომ წაეკითხათ ლიეტუვის ელჩის მისამართით საპროტესტო წერილი და დაეხიათ ბანერები, რომლებზეც დროშები იყო გამოსახული.

“გეგმაში გვქონდა ლგბტ დროშის დახევა. სპეციალურად დავხიეთ ევროკავშირის დროშაც. დაწვაც გვაწყობდა, მაგრამ ვერ მოვაგვარეთ. ჩვენ ის გადავხიეთ ნიშნად იმისა, რომ ევროკავშირის ყველა ელჩი გვაძალებს ლგბტ პრაიდებს. [...] მე არცერთი დროშა არ დამიხევია სპეციალურად, რომ არ დავეჭირე… ახალგაზრდებმა აიღეს თავის თავზე”.

  • იყო თუ არა ქაღალდზე დაბეჭდილი ევროკავშირის დროშის დახევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?
  • და იყო თუ არა კანონიერი ის მოთხოვნა, რის დაუმორჩილებლობისთვისაც ფალავანდიშვილები დააკავეს?
სხდომაზე ეს საკითხები დისკუსიის ძირითადი საგანი იყო. ფალავანდიშვილების ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დროშა აქციაზე მონაწილეებმა მიიტანეს და ის არ ყოფილა რომელიმე შენობაზე გადმოფენილი ან აღმართული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში [მუხლი 174​18] ეს ორი გარემოება მითითებულია, როგორც პირობა იმისათვის, რომ სამართალდარღვევა მოხდეს.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარ სახლში დროშა დახიოს, ან რაც უნდა ის აკეთოს… თუ კანონით აკრძალული არაა ის ქმედება, რომელსაც ადამიანი სჩადის, ვის აქვს უფლება, რომ მიუთითოს ამაზე?..
ნიკოლოზ მჟავანაძე

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ის მოქმედება, რაც უკანონო არაა, ვერ გახდება მითითების და შემდეგ ამის შეუსრულებლობისთვის დაკავების საფუძველი.

“თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ დროშა შეიბღალა, ამ ადამიანმა ეს დროშა ჩამოხსნა? ფურცელზე რაღაც ნაგლეჯზე ჰქონდათ დახატული ევროპის კავშირის დროშა… [კანონში] პირდაპირ წერია, რომ უნდა იყოს საჯარო დაწესებულების მიერ გამოფენილი ან აღმართული. მათ შებღალვაზეა საუბარი. ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარ სახლში დროშა დახიოს, ან რაც უნდა ის აკეთოს… თუ კანონით აკრძალული არაა ის ქმედება, რომელსაც ადამიანი სჩადის, ვის აქვს უფლება, რომ მიუთითოს ამაზე?” - განაცხადა ადვოკატმა და მოსამართლეს მოუწოდა, თუ სამართალდარღვევას დაადასტურებდა, ამით ძალიან ცუდ პრეცედენტს დაუდებდა საფუძველს: “კანონის არასწორ განმარტებას, რომ თურმე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში იჯდება, ან ქუჩაში იქნება და ევროკავშირის დროშას დახევს, ამის გამო ადმინისტრაციული სახდელი დაედება”.

“მაინცდამაინც ბოძზე კაცი უნდა აძვრეს და ჩამოიტანოს [დროშა]?” - რეპლიკის სახით წამოიძახა შსს-ს წარმომადგენელმა, რომელმაც მოგვიანებით ისიც განმარტა, რომ კანონის არსი და მიზანია, არ შებღალონ, დაიცვან ევროკავშირის სიმბოლიკა და ამის არგუმენტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოაქვს:

“[ლიეტუვა] ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ, იმ ადგილზე [საელჩოსთან] ამგვარი ქმედება, თან განზრახვით, არის კანონდარღვევა. სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება იმგვარად არ უნდა შედგეს, რომ სხვისი უფლებები დაირღვეს… რა მნიშვნელობა აქვს, ფიზიკურად ჩამოიღებს [დროშას] ადამიანი, თუ შეურაცხყოფას მიაყენებს იგივე სიმბოლოს? არანაირი განსხვავება არაა…”, - თქვა მან, რაზეც მოსამართლე ადვოკატის ციტირებით ჩაეკითხა: “მეო კანონი არ დამირღვევიაო, ეს ჩემი უფლებააო და შემიძლია დავიჭიროო ნებისმიერი სიმბოლო და გადავხიოო, ჩემი გამოხატვის ფორმააო, ბატონმა ნიკოლოზმა [მჟავანაძემ] ბრძანა. აი, ამაზე რა…?“ - სამინისტროს წარმომადგენელი კი უპასუხებს:

“სხვების შეურაცხყოფის ხარჯზე? სხვისი თავისუფლების შეზღუდვაცაა ეს, რადგან სხვისი შეურაცხყოფაცაა. სახლში, რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ იქ, სადაც საელჩოა, ესაა დარღვევა”, - თქვა მან და დაამატა: “[შენობაზე] იქ შეიძლება ვერც მისწვდე, ისე იყოს დაკიდებული [დროშა] და რა? ისეთი კანონი მივიღეთ, ვერ დაირღვევა?”

შეიბღალა დროშა, დაირღვა კანონი?

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარი კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ

ჩემი აზრით, ფალავანდიშვილები ბევრი რამისთვის არიან დასასჯელები, არაერთი სამართალდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ მათ პოტენციურად ჩადენილი, რომელთა მიმართ ეფექტიანი შედეგი არ ყოფილა...
მარი კაპანაძე

[ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი] დაუმორჩილებლობისთვის დაკავება შსს-ს ხშირი, “მანკიერი პრაქტიკაა”.

“იმავენაირად იქცევიან, როცა აქტივისტებს აკავებენ, ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, რა მოთხოვნების შესრულებაც სავალდებულო არაა. მაგალითად, ეუბნებიან, აქედან ნუ გადაიღებ. მერე ეუბნებიან - რაკი შენ არ დამიჯერე, გაკავებ. თუკი ისეთ რამეს გთხოვენ, რაც კანონში არ წერია, ეს კანონიერი მოთხოვნა აღარაა.

ამ შემთხვევაში, თუ საკუთარი დროშის მიტანა და იმის შებღალვა კანონით დასჯადი არაა, მაშინ ამ მოთხოვნის წაყენება თავისთავად ვერ იქნება კანონიერი”, - ამბობს მარი კაპანაძე.

მისივე თქმით, შსს-ს სტრატეგიაა, შექმნან ილუზია, როგორ იცავენ [დროშის დაცვით] ევროპულ ღირებულებებს საქართველოში და არა - პასუხი აგებინონ ძალადობრივ ჯგუფებს.

“ჩემი აზრით, ფალავანდიშვილები ბევრი რამისთვის არიან დასასჯელები, არაერთი სამართალდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ მათ პოტენციურად ჩადენილი, რომელთა მიმართ ეფექტიანი შედეგი არ ყოფილა”, - ამბობს მარი კაპანაძე და იხსენებს გასულ წელს დედაენის ბაღში მომხდარ ინციდენტს, როცა სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტ ინსტალაცია დააზიანა, აქტივისტების ნაწილს კი შეურაცხყოფას აყენებდა. მაშინაც იქვე იდგა პოლიცია, თუმცა ფალავანდიშვილის არც ადმინისტრაციული და არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

ფალავანდიშვილები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯონ, მაგრამ არა იმისთვის, რომ მათ თავად მიიტანეს ევროკავშირის დროშის გამომსახველი ნივთი...
მარი კაპანაძე

Მარი კაპანაძე მიიჩნევს, რომ როცა ადამიანს თავისი კუთვნილი დროშა ან სხვა რამ აქვს, მას ხევს, ან სხვაგვარად მოქმედებს, ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა და ამის გამო ვინმეს დასჯა არასწორია:

“ის, რომ ფალავანდიშვილებს ეხება, არ ნიშნავს, რომ თანახმა ვიყოთ, ყველაფრისთვის დაისაჯონ ისინი. რაციონალურად, სამართლიანად უნდა შევხედოთ.

ფალავანდიშვილები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯონ, მაგრამ არა იმისთვის, რომ მათ თავად მიიტანეს ევროკავშირის დროშის გამომსახველი ნივთი.

თუკი ჩვენ გვინდა დავიცვათ ევროკავშირის რეპუტაცია ქვეყანაში, პირველ რიგში, ეს უნდა გავაკეთოთ არა იმით, რომ დროშის გამო დავსაჯოთ ადამიანები, არამედ, გავატაროთ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ამდენი ხანია გვთხოვს ევროკავშირი”.

ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი ამ წლის იანვრიდან გახდა - ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა, ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.

კანონის ცვლილებას წინ უსწრებდა 5 ივლისი, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა ასევე დემონსტრაციულად უკან დააბრუნა და პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG