Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი


ილია იაშინი. მოსკოვი, 2021 წლის დეკემბერი
ილია იაშინი. მოსკოვი, 2021 წლის დეკემბერი

პოლიციამ მოსკოვში დააკავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი. ის გადაიყვანეს „ლუჟნიკის“ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ადვოკატი არ შეუშვეს. ილია იაშინი საჯაროდ და მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას და ომს უკრაინაში.

ინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ, პირველმა, წუხელ გაავრცელა ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა. მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ილია იაშინთან ერთად სეირნობდა პარკში, სადაც პოლიციელები მივიდნენ და იაშინი წაიყვანეს, გაუგებარია სად.

ილია იაშინის ადვოკატის, ვადიმ პროხოროვის ინფორმაციით, მოწმობის და ორდერის მიუხედავად, ის დაკავებულთან არ შეუშვეს. ადვოკატის თანახმად, ილია იაშინს სავარაუდოდ, ბრალს სდებენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და სასამართლოში სხდომა დღეს, 28 ივნისს გაიმართება. იაშინს 15 დღით პატიმრობა ემუქრება.

ბოლო ხანს ილია იაშინს რამდენჯერმე შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის" და დააჯარიმეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება დუმამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო. უკრაინაში ომის შესახებ ნებისმიერი განცხადება ან ინფორმაცია, რომელიც არ ემთხვევა ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას და ინფორმაციას, არმიის დისკრედიტაციად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG