უკრაინული ელიტური სპეცრაზმის, "შამანის", წევრებმა The Times-თან ინტერვიუში პირველად განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ჩატარების შესახებ. სპეცდანიშნულების რაზმების რეიდები, დიდი ალბათობით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის ბაზებსა და საბრძოლო მასალის საწყობებზე აფეთქებებს უნდა უკავშირდებოდეს. ინტერვიუდან ამონარიდები მოჰყავს რუსულ საიტს, "სააგენტო. ახალი ამბები".
ელიტური ბატალიონის, "შამანის", ორმა, 25 წლის წევრმა, მეტსახელად "ოცდაორმა" და "კრასავჩიკმა", დეტალურად ისაუბრეს რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ. მებრძოლების თქმით, ბატალიონის მისია რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განადგურება იყო, რაც ომის მსვლელობის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. "ოცდაორი" დეტალურად აღწერს გეგმას, რომლის მიზანი იყო რუსეთის ზურგში დაბნეულობისა და უთანხმოების ჩამოგდება, მაგრამ Times-ს სთხოვა, არ გაემჟღავნებინა დეტალები.
როგორც გამოცემას თანამოსაუბრეებმა განუცხადეს, მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე ღამით ვერტმფრენით გადაჰყავდათ. "მტრის ზურგში ყველაზე საინტერესო მისიას წარმოადგენს ფრონტის ხაზის იქით ასაფეთქებელი ნივთიერებების დამონტაჟება", – ამბობს "ოცდაორი". მისმა თანამებრძოლმა "კრასავჩიკმა" კი დაამატა, რომ "რუსებს არ ესმით რა მოხდა და ხშირად არ სჯერათ, რომ იქ ვიყავით."
The Times-ი ვარაუდობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საბრძოლო მასალის საწყობებზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეცრაზმ "შამანის" მოქმედებებით უნდა აიხსნას.
ასევე, "შამანის" მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მათი ბატალიონი მონაწილეობდა კიევისთვის გამართულ ყველა დიდ ბრძოლაში და ხელს უშლიდა რუსეთის ჯარებს, გადაელახათ მდინარე ირპენი, რაც მტერს კიევზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემდა.
- უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში ნავთობისა და საბრძოლო მასალის საწყობებზე არაერთი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. კერძოდ, ეს იყო ბელგოროდის, ბრიანსკისა და როსტოვის რეგიონებში.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა ბელგოროდის ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარში დაადანაშაულა. თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ არც დაადასტურა და არც უარყო ამ ინციდენტებში მისი სპეცსამსახურების მონაწილეობა.
- უკრაინის სპეცდანიშნულების ბატალიონი "შამანი" რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვის.