ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების ნაწილი საერთო დეკლარაციით გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო.
„მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა, რათა სტრესის ფაქტორებისგან თავისუფალი მკურნალობა ჩაუტარდეს. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი“, - წერია 27 ივნისით დათარიღებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს 20 ევროპელი პოლიტიკოსი აწერს.
ისინი ფიქრობენ, რომ აზრს მოკლებული არ არის, სააკაშვილის ევროპაში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.
დეკლარაციის თანახმად, მისი ხელმომწერები, ასევე, შეშფოთებას გამოთქვამენ „ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან" დაკავშირებით.
„საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადება ან თავისუფლების აღკვეთის შედეგად გარდაცვალება, ამ პროცესს შეიძლება დაემუქროს“.
დეკლარაციას ხელს აწერენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის: „ევროპის სახალხო პარტიის“(EPP/CD); სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის (SOC), ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის (ALDE), ევროპის კონსერვატორთა ჯგუფისა და დემოკრატიული ალიანსის (EC/DA).
დეკლარაციას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ „პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიღებული“.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. მას ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა.
საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა, რის გამოც, მისი ოჯახი და გუნდი ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანას ითხოვენ. ხელისუფლების მტკიცებით, სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.
დაწერეთ კომენტარი