Accessibility links

site logo site logo

ინტერვიუ გიორგი ქადაგიძესთან: - გამარჯვების რწმენა ნახევარ გამარჯვებას უდრის


გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სათავეში უდგას საპროტესტო მოძრაობას „შინ ევროპისკენ”. მოძრაობის მოთხოვნა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრის გადადგომაა იმის გამო, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

მთავრობის გადადგომის შემდეგ მოძრაობა გეგმავს ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომლის მიზანიც ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება.

რა არის ტექნიკური მთავრობა, ვინ იქნება მასში, რა გარანტიები აქვთ, რომ ხელისუფლებას მოუგებენ, უნდა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობა? - ამ და სხვა თემებზე რადიო თავისუფლება გიორგი ქადაგიძეს ესაუბრა.

3 ივლისს დაიგეგმა დიდი აქცია რუსთაველის გამზირზე. მანამდე ჯგუფი, რომელიც აქციების ორგანიზატორია, რეგიონებში შეხვედრებს გამართავს. კონკრეტული გეგმა როგორია: ვინ სად მიდის, რომელ ქალაქებში ჩახვალთ, რამდენ ადამიანს დაელაპარაკებით?

როგორი გეგმაც არ უნდა არსებობდეს, როგორი მოტივაციაც არ უნდა არსებობდეს და როგორც არ უნდა იყოს თვითონ პროტესტი დაგეგმილი, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ბრძოლა უნდა მოიგოს თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ. ამ ბრძოლის მოგება არის ზუსტად ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის მეზობელს, თავის ნათესავს, თანამშრომელს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ აქვს ფუფუნება, გადგეს გვერდზე, აუხსნის, რომ ამის ფუფუნება აღარ არის და დაარწმუნოს საკუთარი თავის ძალაში.

რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ფრუსტრაციის ჭაობიდან შეძლებთ ხალხის ამოყვანას? დიდი აქციები ჩვენ ვნახეთ და ვნახეთ, რომ ერთი დღით ბევრი ხალხის გარეთ გამოყვანა შესაძლებელია, თუმცა ბევრი დღით ამდენი ადამიანის საპროტესტო აქციაზე გაჩერება არ არის ადვილი.

ეს არ არის საკითხი, სამპროცენტიანი ბარიერი უნდა ვიღაცას თუ ხუთპროცენტიანი, იუსტიციის საბჭო როგორ უნდა დაკომპლექტდეს და სამინისტრო 8 უნდა იყოს თუ 12 და თვითმმართველობის საკითხები როგორ უნდა იყოს მოწყობილი. აქ საუბარია იმაზე, რომ გაიხსნა ფანჯარა, რომელიც იხსნება 10 წელიწადში, 30 წელიწადში ერთხელ…

ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, საჯარო მოხელეები, ვინც მთელი ცხოვრება შეალია ევროინტეგრაციას, ამაში დავარწმუნოთ. სამინისტროებში დეპარტამენტებია შექმნილი, რომლის ფუნქციაც ევროდირექტივებთან ინტეგრაციაა, ეს არის ის, რისკენაც ეს სახელმწიფო მიდიოდა ათწლეულების განმავლობაში.

რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ მთავრობა, რომელსაც, თქვენი თქმით, დიდი არაფერი გაუკეთებია ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოსაყენებლად, არ წავა, მაგალითად, ბელარუსის გზით?

სამწუხაროდ, მე მართლაც ვფიქრობ, რომ საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინათ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩუმად რომ ყოფილიყვნენ, დღეს ჩვენც ყველა ერთად ვიზეიმებდით კანდიდატის სტატუსს. არათუ არაფერი არ გაკეთდა, მოხდა პროცესის საბოტაჟი. ყველაფერი გაკეთდა წინა თვეებში, კვირებში დაწყებული პირდაპირი მუქარით და გინებით, ჩვენი მთავარი მოკავშირეების სხვადასხვა სიგიჟეებში დადანაშაულებით. ამას აკეთებდნენ ოფიციალური პირები: პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე… ამასთან ერთად [მიდიოდა] მეინსტიმ სახელისუფლებო პროპაგანდა, რომ ჩვენ იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, რომ ომში არ ჩავერთეთ. ასეთი სიბინძურე და სიმდაბლე, როგორ შეიძლება საკუთარ მოქალაქეებს აკადრო? როგორ შეიძლება მოქალაქეებს უთხრა, რომ ევროკავშირი ყოფილა ომი, სანქციები და ეკონომიკური გაჭირვება და რუსეთი ყოფილა მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კარგად ყოფნა.

გვაქვს 20 ივნისის მაგალითი, როცა ასევე ბევრი ხალხი გამოვიდა და ეს ამ აქციებისგან განსხვავებით სპონტანურად მოხდა. მაშინ ვნახეთ რამდენიმეთვიანი აქცია, რომელიც ნელ-ნელა ილეოდა. ამ შემთხვევაშიც ხომ არსებობს საფრთხე, რომ ეს ძლიერი საპროტესტო მუხტი ნელ-ნელა განელდეს?

თუ ეს განელდა და ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ, ეს ნიშნავს, რომ დავთმეთ ჩვენი ევროპული მისწრაფებები. ბელარუსი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ რეპრესიები იქნება და ათიათასობით ადამიანს დაიჭერენ. ბელარუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავიქცევით კადიროვების და სხვა კრიმინალური, რუსული სანქცირებული კაპიტალის და ადამიანების ადგილად.

ახლა საკითხი ასე დგას: 2022 წელი ან იქნება წელი, რომლითაც ჩვენ ვიამაყებთ ძალიან დიდ ხანს და ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის დაცვა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის უზარმაზარი ფანჯარა გამოვიყენეთ, ან ეს იქნება მომენტი, როცა საქართველო მორიგ ჯერზე ჩაეშვება ბევრი წლით რუსულ ჭაობში.

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება შეუპოვარი და დათმობების გარეშე, როცა საქმე ეხება ჩვენს ევროინტეგრაციას.

მთავრობის წევრების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სერიოზულად აღიქვამენ ან თქვენს მოთხოვნებს, ან ფიქრობენ „დედლაინზე”. რამდენად მტკიცეა საორგანიზაციო ჯგუფის ერთობა, ალბათ ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული?

სერიოზულად არ აღვიქვამდი [მთავრობის წევრების] განცხადებებს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისულების სიტყვას ფასი არ აქვს. ერთ დღეს ერთს იტყვიან, მეორე დღეს სხვას იტყვიან, მესამე დღეს გადათქვამენ, მეოთხე დღეს გადმოთქვამენ. არათუ საკუთარ სიტყვას გადათქვამენ, შარლ მიშელის დოკუმენტს [ვნახეთ რა უყვეს]... მათ აქვთ საოცარი უნარი, ფასი დაუკარგონ ყველაფერს…

ეს ართულებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს…

მოლაპარაკება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ადამიანებთან, ვის სიტყვასაც ფასი არ აქვს და, რაც ყველაზე მთავარია, ვინც არ არის გადაწყვეტილების მიმღები. გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში ერთი კაცია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როცა თქვენ [საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს შორის] ერთობას კითხულობთ, ასეთი ერთობა… უამრავი ჯგუფია ჩართული, ასზე მეტი ჯგუფია ჩართული. თუკი ვინმე ვიცით, ყველა ჩართულია. თუ ვინმე ღიად სატელიტი არ არის „ქართული ოცნების“, შეუძლებელია ამ პროცესში არ იყოს ჩართული. ეს ერთობა იმიტომაც არის მდგრადი, რომ ეს არის ერთობა ერთი მიზნის ირგვლივ. ეს არის ერთობა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ირგვლივ.

ლტერნატივა, რომელსაც თქვენ სთავაზობთ საზოგადოებას, არ არის მკაფიო. მაგალითად, როცა ტექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკობთ, არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს მასში. შეიძლება გვითხრათ, კონკრეტულად ვინ იქნება ამ „მთავრობაში”?

ჩემი აზრით, ძალიან ნაადრევია საუბარი სახელებსა და გვარებზე, როცა მეორე მხარე სირაქლემას პოზიციაში დგას, თითქოს საერთოდ არაფერი ხდება. მზაობა უნდა იყოს მეორე მხარეს აუცილებლად და ჩვენ ეს მზაობა უნდა წამოვიღოთ, თავისთავად არ იქნება და 3 ივლისს მოსული ბევრი ხალხიც არის ამის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ქუჩაში გამოსული ათიათასობით ადამიანი არის ის ძალა და ენერგია, რაც აიძულებს საბოლოო ჯამში ხელისუფლებას, დათმოს.

მაინც ბუნდოვანია ტექნიკური მთავრობის სტრუქტურაც და ფუნქციაც. ითქვა, რომ იგი მოამზადებს ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებისთვის და იზრუნებს იმ 12 პუნქტის შესრულებაზე, რაც ევროკავშირის მოთხოვნად და პირობად იქცა. ალბათ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, რომელსაც თქვენ მიმართავთ, ზუსტად იცოდეს რა ამოცანებს იყენებთ

ამოცანა არის შემდეგი: ევროკავშირმა ჩვენ გვითხრა, რომ ექვს თვეში ჩვენ გადავხედავთ მიღწეულ პროგრესს და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. 6 თვე გვაქვს, ძალიან არაორდინარული სიტუაცია გვაქვს და შეიძლება ყველა პუნქტი ჯეროვნად შესრულებული არ იყოს და ამას სჭირდებოდეს სხვა ტიპის მთავრობა, უფრო რეფორმისტული და სხვა ტიპის ლეგიტიმაციის მქონე, მაგრამ პროგრესის ჩვენება არის პრინციპში სულ რამდენიმე კვირის ამოცანა. საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, საარჩევნო კანონმდებლობის [შეცვლა], რომელზეც შეთანხმებულია ყველა, პარლამენტში დევს, სრულიად პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლა, როგორც ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტშია და ყველაფერი ის, რაზეც „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ უთქვამს, გავაკეთებო და არ გაუკეთებია…

ფიქრობთ, რომ ამას ამ პარლამენტის პირობებში შეძლებთ?

რა თქმა უნდა. ეს არის ხალხის მთავარი ამოცანა და ჩვენი ქუჩაში დგომის იდეა, რომ ვაიძულოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად ამ ბრძოლას ექნება ლოგიკური დასასრული და ამის რწმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამარჯვების რწმენა ნახევარ გამარჯვებას უდრისო, ეგეთი გამონათქვამი არსებობს და ჯავახიშვილს აქვს, ჩემი აზრით, გენიალურიად დამთავრებული, დამარცხების რწმენა, სრულ დამარცხებას უდრისო. ამიტომ ეს ფრუსტრაცია, „არ გამოგვივა”, „ის უფრო ძლიერია”, „მერე რა”… შეიძლება ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენს თანამოაზრეებს უნდა ესმოდეს, რომ სასწორზე იმხელა რაღაც დევს და იმხელა ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ, რომ ნიჰილიზმში ჩაშვების და იმის ძახილის ფუფუნება, რომ „არ გამოგვივა”, არავის არ გვაქვს.

გამოდის, რომ თქვენ საზოგადოების შთაგონება უფრო გაქვთ, შთამაგონებელი განწყობა საზოგადოებისთვის, ვიდრე კონკრეტული გეგმები.

არსებობს კონკრეტული გეგმებიც, ქალაქების და რაიონების დონეზე გაწერილი ბათუმიდან დაწყებული, თელავით დამთავრებული… მაგრამ მე აქცენტი მინდოდა იმაზე გამეკეთებინა, რომ საბოლოო ჯამში ეს არის მოქალაქეების ბრძოლა. იმიტომაც არის ეს ბრძოლა ასეთი ძლიერი, რომ არ ჰყავს ლიდერი, ვისთანაც ეს ასოცირდება და ეს სავსებით ნორმალურია. სავარაუდოდ, პროცესში რაღაცები შეიცვლება... მაგრამ ახლა ეს არის დეცენტრალიზებული პროტესტი, ყველა თავ-თავის სფეროში იბრძვის და ჩვენ-ჩვენი ომები გვაქვს მოსაგები და ამიტომაც უჭირს პროპაგანდას. კი, ის ცდილობს კონკრეტულ ადამიანებს დაარტყას და გააშავოს, მაგრამ რაც არ უნდა დააჯეროს, მაგალითად, „იმედმა” ჩემ შესახებ ადამიანებს, რა? გიორგი ქადაგიძე თუ ცუდია, ამიტომ ევროპა არ მინდა?

ორგანიზატორები ტექნიკურ მთავრობაში არ განიხილებით, მაგრამ რას აკეთებთ 6 თვის შემდეგ? თქვენ-თქვენს საქმეებს უბრუნდებით?

სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად უყურებენ ალბათ საკუთარ მომავალს და ეს ნორმალურიც არის. ზოგი სამოქალაქო სექტორში დარჩება, ზოგი აქტივიზმში იქნება, ზოგი შეიძლება სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდეს და ეს ნორმალური პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

თქვენ რას იზამთ?

მე ჩემს თავს საერთოდ ვერ ვხედავ ვერანაირ საჯარო სამსახურში. ჩემს გეგმებში არანაირი საჯარო სამსახური არ შედის.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG