ტეხასის შტატში, საავადმყოფოში გარდაიცვალა 5 ადამიანი, რომლებიც კიდევ რამდენიმე ათეულ მიგრანტთან ერთად, სატვირთო ავტომანქანაში მიატოვეს ქალაქ სან-ანტონიოს მახლობლად.
მიტოვებული ავტომანქანა, რომელშიც 46 ადამიანის გვამი იყო, 27 ივნისს აღმოაჩინეს. 16 გადარჩენილი, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიგრანტი ჰოსპიტლებში გადაიყვანეს. მათ სითბური დარტყმა და გაუწყლოება ჰქონდათ. სატვირთო ავტომანქანაში, რომლითაც მიგრანტების არალეგალურად ტრანსპორტირება ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში ხდებოდა, არც კონდიცირება იყო და არც სასმელი წყალი.
5 პაციენტის სიკვდილის შემდეგ, გარდაცვლილთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 39 კაცი და 12 ქალია. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში არალეგალურად ჩაყვანილი მიგრანტების უმეტესობა მექსიკის მოქალაქე იყო. ასევე, იყვნენ გვატემალის და ჰონდურასის მოქალაქეები.
პოლიციამ პირველივე დღეს დააკავა სამი ეჭვმიტანილი. ორს მიგრანტების სიკვდილის გამო ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენეს. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ორივე მექსიკის მოქალაქეა და აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობს.