Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი მოქალაქის სათავსოდან ჯავშანტექნიკის ნაწილების ამოღებაზე ავრცელებს ინფორმაციას


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. დღევანდელ, 29 ივნისის განცხადებაში წერია, რომ ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები.

"ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა", - წერია განცხადებაში, რომელშიც არ არის დაზუსტებული დეტალები, მათ შორის: ჯავშანტექნიკის რა სათადარიგო ნაწილებია ამოღებული და რამდენი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს. ამ მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG