Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ რუსეთს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე“ უწოდა


ნატომ რუსეთს საკუთარი წევრების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე“ უწოდა მოსკოვის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული ომის წარმოების ფონზე.

ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გააკეთა დეკლარაციაში, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა მადრიდში მისი ლიდერების სამიტზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამჟამინდელ ვითარებას უწოდა უსაფრთხოების სფეროს ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ნატოს დეკლარაციაში ხაზგასმულია, რამდენად დრამატულად დაარღვია უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ცივი ომის შემდგომი პერიოდის ევროპის უსაფრთხოების სისტემა.

ალიანსმა ასევე პირობა დადო, რუსეთის ინტერვენციის ფონზე „გააძლიეროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა“ უკრაინის მიმართ.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინა იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე დასავლური ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვისაც.

მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტისადმი ვიდეომიმართვაში ნატოს უსაყვედურა, რომ ის უფრო სრულად არ იღებს მის მებრძოლ ქვეყანას და მეტი შეიარაღება მოითხოვა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ლიდერებს უთხრა, რომ უკრაინას მეტი სრულყოფილი მძიმე შეიარაღება და ფინანსური დახმარება ესაჭიროება. მისი თქმით, მოსკოვს შორს მიმავალი ამბიციები ამოძრავებს და ის უკრაინაზე არ შეჩერდება.

„უნდა გავტეხოთ რუსეთის არტილერიის უპირატესობა... ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი თანამედროვე სისტემა, თანამედროვე არტილერია“, - თქვა ზელენსკიმ 29 ივნისს ნატოს მადრიდის სამიტზე ვიდეოჩართვისას და დასძინა, რომ „ფინანსური მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება“.

XS
SM
MD
LG