Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ფინეთი და შვედეთი თავის რიგებში მიიწვია


ნატომ ფინეთი და შვედეთი თავის რიგებში გასაწევრიანებლად მიიწვია. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა.

„ფინეთისა და შვედეთის შემოერთება მათ გახდის უფრო უსაფრთხოს, ნატოს - უფრო ძლიერს, ევროატლანტიკურ სივრცეს კი - უფრო უსაფრთხოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ნატომ რუსეთს საკუთარი წევრების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე“ უწოდა მოსკოვის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული ომის წარმოების ფონზე.

ნატოს წევრებმა მხარდაჭერა გამოუხატეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ნატომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი და მიესალმება ყველა იმ მოკავშირის ძალისხმევას, რომელიც დახმარებას უწევს უკრაინას. დეკლარაციაში საუბარია უკრაინისთვის არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდების გაზრდაზე, კიბერთავდასხმებისგან უკრაინის თავდაცვის სისტემის გაძლიერებასა და უკრაინის თავდაცვითი სექტორის მოდერნიზაციაზე, რათა ამ ქვეყნის არმიამ თანდათან შეძლოს ნატოს ქვეყნების შეიარაღებაზე გადასვლა. ლაპარაკია ასევე ომის შემდგომ პერიოდში უკრაინის აღდგენაში დახმარებაზე.

ნატოს სამიტზე ალიანსის წევრებმა ასევე მოიწონეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია შემდგომი ათწლეულისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG