Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: სასაცილოა საუბარი, რომ სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი ანტიევროპულები არიან


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სასაცილოს უწოდებს მოსაზრებას, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები, რომლებმაც მმართველი პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვეს, ანტიევროპელები არიან. მან უარი თქვა შეეფასებინა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც, "დიდმა ძალებმა" ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის თემა საქართველოში რევოლუციის სურვილით წამოწიეს.

"სასაცილოა საუბარი, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი, შესაძლოა, ანტიევროპულები არიან, თუმცა, ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. ოპონენტების მთელი კომუნიკაცია აწყობილია იმაზე, რომ დააბრალონ ხელისუფლებას ანტიევროპულობა და პრორუსულობა", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარში გაიმეორა, რომ პარტიიდან წასულ ყოფილ თანაგუნდელებს სურთ "საზოგადოების მეტად ინფორმირება".

"[ისინი] არიან "ქართული ოცნების" დამფუძნებლები და წლებია, გუნდის წევრები, მათ შორის ლიდერები. მე ახალი ვარ ამ გუნდში. რა აქვთ სათქმელი და რა - არა, თავად იტყვიან. რაც შეეხება მათ განცხადებებს, მე არ ვაპირებ ამ განცხადებების შინაარსში შესვლას და კომენტირებას", - თქვა მან.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, - ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. იგივე გაიმეორა კელი დეგნანმა დღესაც, 30 ივნისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG