Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედდა უკრაინის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი


ფოტო არქივიდან: უკრაინა-რუსეთის საზღვარი ხარკოვის ოლქთან
ფოტო არქივიდან: უკრაინა-რუსეთის საზღვარი ხარკოვის ოლქთან

დღეიდან, 1 ივლისიდან ამოქმედდა უკრაინის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის, სერჰი დეინეკოს განცხადებით, დღეიდან რუსეთის მოქალაქეებს მოუწევთ უკრაინაში ჩასვლის მიზნების წინასწარ დასაბუთება, თუმცა, ვიზის მიღებაც არ არის ქვეყნის ტერიტორიაზე შეუფერხებლად შესვლის გარანტია. დეინეკოს განმარტებით, არსებობს საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებიც, რომელთა შესრულებას უკრაინელი მესაზღვრეები შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში, ვიზას ადგილზევე გააუქმებენ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, 2022 წლის 17 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული უპრეცედენტო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, 1 ივლისიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდება.

მაისის ბოლოს, უკრაინის მოქალაქეთა ჯგუფმა პრეზიდენტის სახელზე მოამზადა პეტიცია, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოთხოვნით. უკრაინასა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი 1997 წლიდან მოქმედებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG