Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: მმართველი გუნდი ვართ მუდმივი თავდასხმის ქვეშ


კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებს მუდმივად უწევთ შეურაცხყოფის ატანა. ასე გამოეხმაურა წულუკიანი აშშ-ის საელჩოში დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და "TV პირველის" დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან კომენტარში.

"ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ვართ მუდმივი თავდასხმის, შეურაცხყოფის ქვეშ. აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში... მოთმინებით ვართ 10 წელია დაკავებული და არის ხანდახან, ადამიანი ხარ, ვერ მოითმინო. თუმცა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე, იმიტომ რომ ისინი, ვინაიდან არიან ჩიხში მომწყვდეულები, ყველაფერზე წავლენ, როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია", - თქვა თეა წულუკიანმა.

"TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ გუშინ, 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავად ოხანაშვილი არ უარყოფს წერეთელზე ძალადობას და შემთხვევას ასე აღწერს:

"ჩემთვის მოულოდნელად მოვიდა ეს ადამიანი, წერეთელი, რომელმაც მთხოვა, რომ მეგობრულად რაღაცის თქმა სურდა ჩემთვის და იქნებ, მას გვერდით მისცემოდა საშუალება, რომ ეს ეთქვა. როდესაც მას ვუთხარი, კი ბატონო და ვუსმენდი, რისი თქმაც სურდა, ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ მე ამას. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია".

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

XS
SM
MD
LG